ახალი ამბები

მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ოპოზიცია აკრიტიკებს

31 აგვისტო, 2018 •
მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ოპოზიცია აკრიტიკებს

დღეს, 31 აგვისტოს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში აკრიტიკებენ.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია განმარტავს, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია.

“როდესაც მოლოდინია საზოგადოებაში, პრეზიდენტის პოზიციის ბოლო მომენტში გაცხადება გაუგებარია. მაშინ როდესაც არჩევნები არის საშუალება, რომ ებრძოლო იმ პრობლემებს, რაც დაგროვდა ქვეყანაში, მსგავსი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის მოცილებაა,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ენმ-შიც. ნიკა მელიას სიტყვებით, გიორგი მარგველაშვილი წლების შემდეგ “ქვეყნის კეთილდღეობისთვის მზრუნველ ადამიანად” არ გაახსენდება. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მისი 5-წლიანი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, “ქართულ ოცნებასა” და მას შორის პაექრობა იყო.

რაც შეეხება “შენების მოძრაობას”, მისი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოში ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებს “კერძო ცხოვრებაში დაბრუნების” ფუფუნება არ აქვთ.

“მარგველაშვილის დღევანდელი გადაწყეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მან მითხრა, რომ არ არის დაინტერესებული აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით. სამწუხაროა იმიტომ, რომ მგონია, ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტები და ყოფილი პრემიერები კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას არ ახმარდნენ ამ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ავტორიტეტული ადამიანები, თანამდებობების და სკამების გარეშე,” – განმარტავს დავით უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი