ახალი ამბები

“ცივი ომის” შემდეგ რუსეთი ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს

31 აგვისტო, 2018 • 1770
“ცივი ომის” შემდეგ რუსეთი ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს

“ცივი ომის” შემდეგ რუსეთი  ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების ჩატერებას გეგმავს. სამხედრო წვრთნაში, სახელად ვოსტოკი  მონაწილეობას მიიღებს 300 ათასი ჯარისკაცი, 1000 ვერტმფრენი და 36 ათასი ტანკი.  წვრთნა სამხრეთ ციმბირში 11-დან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სამხედრო წვრთნა ქვეყანაში 1981 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას ჩინეთისა და მონღოლეთის სამხედროებიც მიიღებენ. კრემლის პრესსპიკერი სამხედრო წვრთნებში ჩინეთის მონაწილეობას ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობით ხსნის.

წვრთნებში მონაწილეობაზე კომენტარი ჩინეთის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, სამხედრო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა ორივე მხარეს გააძლიერებს. მინისტრი ამბობს, რომ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნები რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. BBC – ის ინფორმაციით,  რუსულ წვრთნებში ჩინური მხარე წარმოდგენილი იქნება 3 200 სამხედროთი და 30 ვერტმფრენით.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებული სამხედრო წვრთნები ემსახურება კრემლის გაცხადებულ მიზანს რუსეთის არმიის მოდერნიზებას. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით კი,  “საომარი თამაშები” რუსეთის პასუხია საერთაშორისო ვითარებაზე. პესკოვი განმარტავს, რომ ამ ვითარებაში წვრთნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ბევრი აგრესია და არამეგობრული დამოკიდებულებაა რუსეთი მიმართ.

დაგეგმილ წვრთნებს NATO გამოეხმაურა. ალიანსის პრესსპიკერის თქმით,” ვოსტოკით” რუსეთი აჩვენებს, რომ რეალურად კონფლიქტებზეა ფოკუსირებული. “წვრთნებით დასტურდება ის, რასაც უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, როცა რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს,” – ამბობენ NATO – ში. დაგეგმილი წვრთების შესახებ სამხედრო ალიანსს ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისში ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი