ახალი ამბები

ყირიმის რეგიონში რეფერენდუმი ტარდება [ფოტო[

16 მარტი, 2014 • • 1533
ყირიმის რეგიონში რეფერენდუმი ტარდება [ფოტო[

რუსმა სამხედროებმა დე ფაქტო კონტროლი დაამყარეს ყირიმის რეგიონზე. BBC წერს, რომ ყირიმელმა თათრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს რეფერენდუმს და ისინი უკრაინის ერთგულნი რჩებიან. 

 

საარჩევნო უბნები ყირიმში დილის 8 საათიდან გაიხსნა და 12 საათში დაიხურება. რეფერენდუმის ფარგლებში 2 კითხვაა მოცემული, უნდა შეუერთდეს თუ არა ყირიმი რუსეთს და უნდა დაუბრუნოს თუ არა უკრაიანამ 1992 წლის კონსტიტუციით არსებული სტატუსი, რომელიც ბევრად მაღალი ხარისხის ავტონომიას გულისხმობს რეგიონისთვის. 

 

დაახლოებით მილიონნახევარი ადამინი მიიღებს რეფერენდუმში მონაწილეობას. ყირიმში მცხოვრებთა 58.5% ეთნიკურ რუსებს წარმოადგენენ, მოსალოდნელია, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მისცემენ ხმას– წერს BBC.  ყირიმის რეგიონი რუსეთის ნაწილი 1954 წლამდე იყო. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს. უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

 

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აფრთხილებენ რუსეთს, რომ რეფერნდუმის ჩატარების შემთხვევაში, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები იქნება. 

 

რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე 22 თებერვალს შევიდა, როდესაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენეს. რუსეთის სამხედრო ძალებმა  დაიკავეს სამთავრობო შენობები და სამხედრო ბაზები. კრემლი უარყოფს ბრალდებას დამატებით ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით და სამხედროებს ყირიმის “თვითდაცვის ძალად”– მოიხსენიებს. 

 

გუშინ, 15 მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ ყირიმში  რუსეთმა დამატებით სამხედრო ძალა შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის სამხედრო ინტერვენცია და რუსეთს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი