ახალი ამბები

არ ენდოთ კომპანიებს, რომლებიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვას გთავაზობენ – სამინისტრო

31 აგვისტო, 2018 • 1802
არ ენდოთ კომპანიებს, რომლებიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვას გთავაზობენ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო მოქალაქეებს იმ კერძო კომპანიებთან დაკავშირებით აფრთხილებს, რომლებიც აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვას სთავაზობენ. უწყება საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ ენდობიან დაწესებულებებს, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია არ გააჩნიათ.

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.  

აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობით კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და გთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას”, – აცხადებს სამინისტრო.

განათლების სამინისტროს ცნობით, ვითარების რეგულირების მიზნით, სწავლის უფლების მინიჭების წესში ცვლილება იგეგმება. ცვლილება იმ სტუდენტებს შეეხება, რომელთაც საქართველოში არსებულ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლა სურთ. ჩასარიცხად მათ მოუწევთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.

“გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი