ახალი ამბები

ევროპული საქართველო საუბნო კომისიების წევრების გასაუბრებით შერჩევის მოთხოვნას უერთდება

30 აგვისტო, 2018 • 1392
ევროპული საქართველო საუბნო კომისიების წევრების გასაუბრებით შერჩევის მოთხოვნას უერთდება

ევროპული საქართველო მხარს უჭერს და უერთდება მოთხოვნას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. ეს განცხადება ევროპულმა საქართველომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ენმ-ის წარმომადგენელმა ისინი დაადანაშაულა ცესკოს საუბრნო კომისიის წევრების გამჭვირვალედ შერჩევის პროცესის ინიციატივის წინააღმდეგ წასვლაში.

პარტიის განცხადებით, მათ ეს პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ კომისიის წევრების დანიშვნა ცესკოს მხრიდან ხდება ნეპოტიზმის გზით და ხშირად ამ პოზიციაზე ქართული ოცნების პარტიული თანამშრომლები ხვდებიან, რაც სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად სერიოზული პრობლემაა.

“ჩვენი მონაცემებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ 36 ოლქში ჩატარდა კენჭისყრა, 20 ოლქში ჩვენმა წარდგენილმა წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. სამწუხაროდ, 11-ში წინააღმდეგ მისცეს ხმა და 5-ში არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ჩვენთვის მიუღებელია კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება. ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, როცა წინასწარაა ცნობილი, რომ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდება. მით უფრო, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენს მიერ წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემა,” – აცხადებს ევროპული საქართველო.

პარტიის განცხადებით, რაიონებში არსებულმა პოლიტიკურმა თუ პერსონალურმა დაპირისპირებამ, იმის მიუხედავად, თუ ვის მიერაა ეს კლიმატი შექმნილი, არ შეიძლება განაპირობოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიცია:

“ეს დაუშვებელია და პარტიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ოლქების ნახევარზე მეტში არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ დაუყენებია ეს საკითხი, რაც ასევე პრობლემად მიგვაჩნია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონებში პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო და არა ურთიერთთავდასხმები.”

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი ფეისბუკზე წერს, რომ კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის 29 აგვისტოს სხდომაზე ევროპული საქართველოს რვავე კომისიის წევრმა მხარი დაუჭირა საოლქო კომისიის ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის ენმ-ის ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ საუბნო კომისიის წევრების შერჩევის დროს გამჭვირვალობის პროცესს ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი