ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: თამამად უნდა შევერიოთ დღევანდელ მსოფლიოს

14 მარტი, 2014 • 1212
დავით უსუფაშვილი: თამამად უნდა შევერიოთ დღევანდელ მსოფლიოს

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

ბატონო დავით, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდის იმოგზაურეთ პირველად ევროპაში?

 

ეს იყო ტრანზიტი – ვენის გავლით მივფრინავდით ჩიკაგოში 1993 წელს და მგზავრობის განრიგი ისე აეწყო, რომ ვენაში საღამოს ჩავფრინდით და მეორე დილით გვიწევდა ჩიკაგოში გამგზავრება. მთელი საღამო, ღამე და დილა გავატარეთ აეროპორტში. ასე რომ, ევროპასთან ჩემი პირველი შეხება იყო ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტი. ეს ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. წარმოიდგინეთ კონტრასტი 1993 წლის საქართველოს აეროპორტთან, რაც ცალკე აღსაწერია, თუ რა ხდებოდა იქ. ვენის აეროპორტმა გამაოგნა წესრიგით, სისუფთავით, ამდენი ხალხი დადის და ამის მიუხედავად, მაინც ყველაფერი პრიალებს. ასევე, შოკისმომგვრელი იყო “Duty Free”-ის მაღაზიები, სადაც გამყიდველს ვეძებდი… ჩვენ ჩავედით იმ კულტურიდან, სადაც მაღაზიაში საქონელს მყიდველისაგან იცავდა ჯერ დახლი და შემდეგ გამყიდველი, ხოლო იქ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე აწყვია… იქ ვფიქრობდით, სად არის გამყიდველი, ვინ პატრონობს, ვინ იცავს, ამას ხომ მოიპარავენ და ა. შ. ასევე, შოკი იყო ის, რომ კაფე “მოცარტში” ყავა დავლიეთ და ერთ ფინჯანში 9–10 დოლარი გადავიხადეთ. ეს კი მაშინდელ საქართველოში ოჯახის რჩენის დაახლოებით ერთი კვირის მარაგი იყო. ასევე, წარმოუდგენელი მრავალფეროვნება იყო: ასეთ პატარა ტერიტორიაზე სხვადასხვა ეროვნების, ჩაცმულობის, იერსახის ამდენი ადამიანი დადის და თან ეს ხალხი ისე მოძრაობდა, რომ ერთმანეთს საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, ესეც სერიოზული შოკი იყო.

 

ევროპულ ქალაქში, სადაც პირველად მოვხვდი, ეს იყო ლონდონი1994 წელს. ბრიტანეთში იურისტების ტრადიციული დღესასწაული ტარდებოდა, რომელსაც ჰქვია იურიდიული პროფესიის ადამიანების ახალი წლის გახსნა. ეს იმართება ხოლმე შემოდგომით ვესტმინსტერის სააბატოში. ამ პროფესიის წარმომადგენლები იმოსებიან ტრადიციულ სამოსში, მათ შორის პარიკებში. მე გამიმართლა, იმ წელს დედოფალმა გახსნა ეს ღონისძიება. იქ უკვე სიძველეებმა და ტრადიციებმა გამაოცა, ფილმებში რაც მინახავს, და ის მეგონა ძველი სამყაროს კადრები, აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ევროპაში, ბითლზის, მანჩესტერის და არსენალის სამშობლოში პარალელურ რეჟიმში ასეთი ცხოვრება არსებობს – ძველი ტრადიციების დაცვით, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები თავიანთ სამუშაო ოთახებშიც კი პარიკებით სხედან და ისე წერენ სიტყვას სასამართლოში გამოსვლისთვის. ეს არის ტრადიციების დროში განგრძობადობის ნიმუში.

 

რამდენ ვიზას ითვლის თქვენი პასპორტი?

 

იცით, ჯამში, რამდენი ვიზაა ჩარტყმული ჩემს პასორტში და სულ რამდენი პასპორტი მაქვს გამოცვლილი, ძალიან გამიჭირდება ამის დათვლა, მაგრამ 100–ზე მეტი ნამდვილად იქნება…

 

პირველი ვიზა როგორ აიღეთ, თუ გახსოვთ, ხომ არ გაგიჭირდათ შესაბამისი პროცედურების გავლა?

 

არასდროს მქონია რაიმე სახის არსობრივი შეფერხება ვიზასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ პრაქტიკულად არასდროს ვყოფილვარ კერძო ვიზიტით. ეს იყო ხოლმე მოწვევა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების, რომლებიც ამ საკითხებს თვითონ აგვარებდნენ. ისევ გავიხსენებ ვენაში გათენებულ იმ ღამეს, როცა ჩიკაგოში მივფრინავდი. ღამე იმიტომ გავათენეთ მოსაცდელ დარბაზებში, რომ ავსტრიის ვიზა ვერ მივიღეთ, მაშინ შენგენი ჯერ არ არსებობდა და ყველა ქვეყნის ვიზა ცალ–ცალკე იყო. მეტსაც გეტყვით, ვენამდე ჩასულს ჩიკაგოს ბილეთიც კი არ გვქონდა, იმიტომ, რომ ვენაში შემოგვიერთდა ერთი მეგობარი და კოლეგა, რომელსაც ჰქონდა ჩვენი მოსაწვევები, ბილეთები, ფული და ყველაფერი. მისმა ფრენამ დააგვიანა ვენაში, არადა, წესით ის უნდა დაგვხვედროდა იქ, რადგან შემდეგი ბილეთები მას ჰქონდა და ჩვენ რომ ჩავედით იქ, კინაღამ დაგვაპატიმრეს… წარმოიდგინეთ, ვენაში ჩავედით, სად მივდივართ ზუსტად არ ვიცით, იმიტომ, რომ ბილეთები არ გვაქვს, ფული გვაჩვენეთო – გვითხრეს და ფულიც არ გვაქვს და იქ ერთი საათის განმავლობაში, სანამ ეს ჩვენი კოლეგა მოვიდოდა და ბილეთებს მოიტანდა,  თითქმის დაკავებული ვიყავით.

 

რა თანხით იყავით პირველად ევროპაში, თუ გახსოვთ, და რამდენი დახარჯეთ საყიდლებში, საჩუქრებში?

 

ლონდონში ბევრს ვერც ვერაფერს დავხარჯავდი იმიტომ, რომ არც მქონდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად მახსოვს და ახლა უნდა გითხრათ თქვენ ის, რაც, მე მგონი, არავისთვის არასოდეს მითქვამს… ლონდონში როცა მივდიოდი, მომწვევ მხარესთან მიმოწერის პროცესი საკმაოდ რთული იყო. რაღაც ფორმით მოვიდა პირველი წერილი მოწვევის და იქ იყო ფაქსის ნომერი, რომ აქ დაგვიკავშირდითო… მაშინ ინტერნეტი და იმაილი ასე ადვილად არ იყო და არც ფაქსი ჰქონდა მაინცდამაინც ყველას, ცოტა ისეთი სიამოვნება იყო. მაშინ დავით გამყრელიძეს და გიორგი თავაძეს სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალი დაფუძნებული ჰქონდათ. მათ რაღაც სამართლებრივი საკითხი ჰქონდათ, რის გამოც მათთან მივედი მოსეშვილის ქუჩაზე, თუ არ ვცდები, და იქ ვახსენე, რომ ასეთი ამბავი მქონდა. შემდეგ ფაქსს მოვკარი თვალი და ვკითხე, თუ შეიძლება, რომ თქვენი ფაქსის ნომერი მივუთითო–მეთქი, რადგან ლონდონიდან რაღაცები უნდა გამოეგზავნათ ჩემთვის… შემდეგ სწორედ მათი ფაქსით ვსარგებლობდი მიწერ–მოწერისთვის და დეტალების დასაზუსტებლად. მათ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი და ამ დროს გამყრელიძე და თავაძე დამწყები ბიზნესმენები იყვნენ, რომელთაც იმ დროის კვალობაზე ჯიბე ცარიელი არ ჰქონდათ. მახსოვს, რომ გაფრენამდე ორი დღით ადრე, როცა ბოლო ქაღალდები ავიღე იქიდან, გამყრელიძემ და თავაძემ 50–დოლარიანი ჩამიდეს ჯიბეში – იქ ყავას დალევო. შესაძლოა, ეს იყო ის თანხა, რომელიც მე ჯიბეში მქონდა ლონდონში ჩასვლისას და მაინცდამაინც ბევრს ვერაფერს ვიყიდდი, მაგრამ შევიძინე ჩაი. ლონდონში არის ტვინინგის ჩაის მაღაზია, რომელსაც აწერია 1783 წელი, ანუ ის დრო, როდესაც ეს კომპანია დაარსდა. მე იმ მაღაზიაში წამიყვანა ერთ–ერთმა იქაურმა იურისტმა, რომელიც იმ ოჯახის შთამომავალია. ეს იყო მისი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის მიერ დაარსებული მაღაზია. მან გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ლონდონი დაეთვალიერებინა და, ცხადია, იქით წამიყვანა, სადაც მისმა  საამაყო წინაპარმა დაიწყო ბიზნესი. შევედით იმ მაღაზიაში, იქ თვითონ რაღაც ჩაი შეარჩია და გადმომცა, ცხადია, გადაიხადა, იმის გამო, რომ შთამომავალი იყო, უფასოდ არაფერს  მისცემდნენ. რადგან იმან საჩუქარი მიყიდა, მე ჩავთვალე, რომ აუცილებელი ჟესტი იყო, რომ მეც აუცილებლად უნდა შემეძინა რამე იმ მაღაზიაში. შევათვალიერე, შევარჩიე და შევიძინე ტვინინგის ჩაი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრის გადახდა მომიწია… გამყრელიძე–თავაძის მთელი ქველმოქმედება, მგონია, რომ სულ იმ ჩაიში წავიდა.

 

დავბრუნდი თბილისში. მაშინ იმელის შენობაში მდებარეობდა დროებითი პარლამენტი. მეც იქ ვმუშაობდი იურიდიულ სამსახურში და სწორედ იქ გამოგვადგა ეს ჩაი. მაშინ ძალიან მძიმე წლები იყო, ორნაირი ყავა პელე რომ არსებობდა: ერთი ძალიან ცუდი და მეორე, გვეგონა, რომ კარგი იყო და იმ ცოტა კარგს თუ იშოვიდი, ერთი ამბავი ატყდებოდა ხოლმე – ერთი კოვზი იქნებ გამასინჯო და ა.შ. ლონდონიდან ჩემ მიერ ჩამოტანილი ნამდვილი ინგლისური ჩაი აღმოჩნდა განსაკუთრებით მაგარი. იქ ერთი სარედაქციო ოთახი იყო,  რედაქტორების ოთახს ეძახდნენ, ძირითადად, ქალბატონები მუშაობდნენ, სადაც ჩაიზე და ყავაზე ვიყრიდით ხოლმე თავს.

 

ვინ იყო პირველი ევროპელი, ვისაც თქვენ შეხვდით?

 

საინტერესო ამბავია ძალიან. პირველი ევროპელი, ვისაც მე შევხვდი, იყო ინგლისის ლორდთა პალატის წევრი, რომლის გვარსაც, სამწუხაროდ, ვერ გავიხსენებ. ეს შეხვედრა შედგა არა იქ, არამედ საქართველოში. იგი საქართველოში ჩამოვიდა მანამ, სანამ მე ლონდონში მომიწევდა წასვლა. მაშინ აქ ახალი დაწყებული იყო სამართლებრივი რეფორმები, დაახლოებით 1993 წელი იქნებოდა. ეს კაცი წავიყვანეთ მცხეთაში და იქაურობა დავათვალიერებინეთ.. ეს იყო პორტრეტიდან გადმოსული ინგლისელი ლორდი: ცილინდრით, ძეწკვიანი საათით, ულვაშებით… განრიგის მიხედვით, მცხეთაში 30 წუთი უნდა დავრჩენილიყავით, სვეტიცხოველი უნდა გვეჩვენებინა, ჯვარი და ა.შ. სვეტიცხოველში მისულები ნახევარი საათის ნაცვლად, მგონია, რომ 4 საათის განმავლობაში დავრჩით. ეს კაცი აღარ გამოდიოდა იქიდან. რამდენი წრე დაარტყა გალავანს, აღარც მახსოვს. მერე წავიდა სადღაც შორს და ასე შორი ხედიდან უმზერდა. შემდეგ შიგნით თითოეული ფრესკა, თითოეული არქიტექტორული კომპონენტი დეტალურად დაათვალიერა. დადიოდა და ერთადერთ რაღაცას იმეორებდა: თქვენ იცით, ეს რა არის? მისთვის გასაოცარი იყო, რომ ასეთი რამ საქართველოში ნახა. სწორედ ეს იყო პირველი ევროპელი, ვისაც მე შევხვდი და თან ვნახე სვეტიცხოვლის სილამაზით სრულიად გაოგნებული ადამიანი.

 

ასე რომ, თუ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შემოვიდა ჩემში ევროპა, ამ კაცით ყველაზე მეტად შემოვიდა. მე დავინახე ის, რომ ევროპა არის გაცილებით უფრო დიდი, ღრმა, ღირებულებიანი, ფესვებიანი, ვიდრე ეს არის საყოფაცხოვრებო დონეზე დანახული ევროპა: თავისუფლება, მერსედესი, მაღალი ხარისხის ტანსაცმელი – ეს არის ის, რაც ახლა ჩანს. ის ევროპა, რომლის ნაწილიც მეც მინდა რომ ვიყო, არის ის, რითიც ის ინგლისელი ლორდი იყო მოხიბლული – ანუ, ჯამში, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე აღმოცენებული ლიბერალური დემოკრატია. ეს კაცი სწორედ ეგ იყო.

 

თუ არის ქალაქი ან ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ისურვებდით ცხოვრებას, რომ არა საქართველო?

 

ამ კითხვაზე პირველი პასუხი არის ის, რომ პასუხი არ მაქვს, თუმცა რადგან ვალდებული ვარ, რომ რაღაც მოვიფიქრო, გეტყვით. პასუხი რომ არ მაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პოზას ვირგებ, რომ მე საქართველოს როგორ დავტოვებ და ა.შ. ეს არის რეალობა, მე არ შემიძლია და ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. ამ დროს ევროპაშიც მიცხოვრია ხანგრძლივად და ამერიკაშიც. ვიცი ის პლუსები, მაგრამ არასდროს მომდომებია იქ სამუდამოდ ცხოვრება… თუმცა სად ვიცხოვრებდი? – ან ლონდონში, ან რომში ან ბარსელონაში.

 

რატომ ეს სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქალაქი?

 

დიახ, სულ სხვადასხვა ამბებია ამ ქალაქებში. როგორც ხედავთ, კონტინენტური ევროპა უფრო სწორად, ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპა პრაქტიკულად ამოვაგდე ამ სიიდან. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ხმელთაშუა ზღვის კულტურის ნაწილი ვარ, ისევე, როგორც თითოეული ქართველი – სამხრეთული. არც ლონდონია მაინცდამაინც თბილი ქალაქი, მაგრამ მგონია, რომ ეს არის ის ღირებულებები, რაც დღევანდელ ევროპას ახასიათებს: თავისუფლებაზე, ღირსებასა და წესრიგზე დაფუძნებული სისტემა, რომელშიც ადამიანები თავაწეულად, ამაყად დადიან ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან და ამასთანავე, ეს არ არის გამომწვევი, სხვისი დამთრგუნველი, შემწუხებელი. ლონდონი სწორედ ასეთია. მგონია, რომ ადამიანისთვის, რომლისთვისაც თავისუფლება, ღირსება, პატივისცემა, სხვა ადამიანებთან მოპყრობის კულტურა განაპირობებს იმას, კარგად ხარ თუ ცუდად, მაშინ, მე მგონი, ლონდონი… ყველაზე თავაწეულად, მშვიდად, ამაყად მგონია, რომ ადამიანს ლონდონის ქუჩაში შეუძლია გაიაროს.

 

რომი – იმიტომ, რომ კულტურათა შრეები ისეა ერთმანეთზე გადაწყობილი, რომ მის ქუჩებში სიარულით ძალიან ღრმად სუნთქავ… სამი ათასი წლის იქით სუნთქავ. ალბათ, იქ ყველაზე უკეთ შეიგრძნობ ცივილიზაციების ქარტეხილებს, ცივილიზაციების  განვითარებას. პლუს საოცარი თანამედროვეობაა, რაც ქართველისთვის შესაძლოა, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო იყოს. ჩვენ ხშირად ორი ურთიერთგამომრიცხავი კომპლექსის ქვეშ ვართ ხოლმე: 1. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები – ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და დანარჩენები ვინ არიან და ა. შ. და 2. უკიდურესობა – ჩვენ არაფერი გვეშველება, ჩვენ ვერ დავამყარებთ წესრიგს, ვერ დავდგებით რიგში, ვერ ვისწავლით იმას, რომ ქუჩა არ დავანაგვიანოთ და ა.შ. ეს ერთი და იგივე ავადმყოფობის ორი სიმპტომია, რომ რაღაც განსაკუთრებულობას ველტვით და ეს ხან განსაკუთრებულად მაგრებში გადის, ხან კი განსაკუთრებულად ჩამორჩენილებში. არადა, თუ ქართველი რომს კარგად დააკვირდება, აღმოაჩენს, რომ ჩვენნაირი ადამიანები შეიძლება იყვნენ ძალიან მაგრებიც, არცთუ ძალიან მაგრებიც და ნორმალური ქვეყანაც ააწყონ. რისი თქმა მინდა: რომში ვერ ნახავ იმ ტიპის წესრიგს, რასაც ბერლინში შეხვდები და არ არის იქ საათივით ყველაფერი აწყობილი. რომში აშკარად ხედავ ჩრდილოვანი ეკონომიკის რაღაც გამოვლინებებს: ყველა არ გამოწერს ქვითარს ისე, როგორც საჭიროა, რაც შვედეთში ან ნორვეგიაში გაუგებარი ამბავია. აშკარად მაიმუნობენ ვიღაცები რაღაცას რომში, მაგრამ ეს არის მარგინალური, იმდენად მცირე, რომ დიდ გავლენას ვერ ახდენს ცხოვრებაზე. მაგალითად, რომში გარევაჭრობის მოწესრიგება და ჩარჩოებში ჩასმა შეუძლებელი ამბავია, ამიტომ შეხედეს და მიხვდნენ, რომ ჯობია ეს საქმე მივუშვათ, სამაგიეროდ, მოვაწესრიგოთ და მკაცრად აღვრიცხოთ ეს და აქ მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ აკეთონ ეს, თუ მაინცდმაიანც ამის კეთება უნდათ. მართვის სისტემა და კანონი ხასიათსაც უნდა მოერგოს. პირიქით არ არის, რომ ადამიანებს ხასიათიდან რაღაცები ჩამოათალო და უთხრა, რომ ასეთი იყავი.

 

მაგალითად, სხვაგან არ მოხდება ის, რაც მე რომში შემემთხვა. მე და თინა [ხიდაშელი] იტალიაში ვიყავით, სხვა ქალაქიდან ცოტა გვიან დავბრუნდით რომში, მივედით ავტოსადგურზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი სასტუმროსკენ მიმავალი ავტობუსი აღარ მუშაობს, ანუ იმ ნომერმა დაასრულა უკვე მუშაობა. ტაქსის ფული აღარ გვქონდა ჯიბეში. ამასობაში სხვა ავტობუსის მძღოლს ვკითხეთ, ხომ არ გვირჩევთ, რომელი ნომერი გაივლის იმ ტერიტორიის სიახლოვეს, რომ იქიდან ფეხით მაინც მივიდეთ სასტუმრომდე–თქო. აღმოჩნდა, რომ ამ კაცს ინგლისური ცუდად ესმის, მერე იქ მგზავრებს შორის, რომლებიც ავტობუსში ისხდნენ და გასასვლელად ემზადებოდნენ, გაიმართა დიდი დებატები:  მიდის ლაპარაკი, ყველა ხელებს იქნევს… ბოლოს მიგვანიშნა, რომ არაფერი აღარ მიდის იქითო. ჩვენც წამოვედით, რა გვექნა. უკვე გამოვცდით ამ ავტობუსს და ამ დროს ამან დაიწყო დასიგნალება და გვეძახის – მოდითო. მივედით, ვიფიქრეთ, იქნებ რაღაც გაახსენდა და უნდა გვირჩიოსო, მძღოლი კი გვეუბნება, ამოდითო. ჯარისკაცის მამის არ იყოს, მე ვუთხარი, რომ არა, აქეთ მივდივართ–მეთქი, მაინც აგრძელებს ეს, რომ ამოდითო. აგვიყვანა ავტობუსში, დაგვაყენა წინ, ამ თავის მგზვრებს ისევ რაღაც მიმართა, ისევ გაიმართა იქ დებატები და ბოლოს ამ კაცმა მთელი ავტობუსი სხვა მარშრუტით წაიყვანა, ჯერ ჩვენ დაგვტოვა სასტუმროსთან და მერე გააგრძელა გზა. რომ იტყვიან, მთელი ავტობუსი “გვბალეშიკობდა”. ასეთი რამ რომ იმ მძღოლს სხვა ქვეყანაში გაკეთებინა… ამით რისი თქმა მინდა, რომ რომში პრაქტიკულად ყველაფერს იპოვი, რასაც ეძებ და თან ქართველისთვის და საქართველოს მომავლისთვის ბევრ რამესაც ისწავლი.

 

ბარსელონაზე ბევრს არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ დრო ცოტა გვრჩება. იქ კიდევ სხვა ამბებია.

 

ფეხბურთის სიყვარულსაც ხომ არ უკავშირდება ბარსელონას ამბავი?

 

კი, [საფეხბურთო კლუბი]  “ბარსელონა” სერიოზული კომპონენტია ამ ყველაფერში.

 

“რესპუბლიკური პარტიისა” არ იყოს, ევროკავშირის თაობაზეც საქართველოში ბევრი მოსაზრება არსებობს, რომელსაც სტერეოტიპი შეგვიძლია დავარქვათ, მათ შორის ის, რომ ქართველობას წაგვართმევენ, ვერ მოხდება რაღაც ეროვნული ღირებულებების ინტეგრირება და ა.შ. ბევრი ასეთი სტერეოტიპი არსებობს, რაც, ალბათ, თქვენც გსმენიათ და ყველას აღარ ჩამოვთვლი…

 

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მათ, ვისაც ეს ყველაფერი გულწრფელად აღელვებს, ვერ დავამშვიდებ, იმიტომ, რომ ვეტყვი: იცით რა, ეს უკვე მომხდარი ამბავია. ის, რომ დღევანდელი მსოფლიო გლობალიზებულია და ის, რომ თითოეულ ქართველზე, მსოფლმხედველობაზე გავლენის მოხდენას ცდილობს უამრავი კულტურა და სისტემა, ეს ფაქტია. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების 51–ე შტატად გახდომაზე ხომ არ ვლაპარაკობთ და ამერიკასთან ხომ არ ვდებთ ასოცირების ხელშეკრულებას?! მაგრამ ამის გამო ამერიკის გავლენა საქართველოზე, საქართველოს ყოფა–ცხოვრებაზე, ჩვენს შეხედულებათა სისტემაზე მცირდება?! არა და ვერ მცირდება, იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში კომუნიკაციების სისტემა იმდენად მრავალფეროვანია, რომ… ვთქვათ და ჩავკეტეთ ჩვენი საზღვრები და არავინ შემოვუშვით, რომელსაც “რაღაც ცუდი გავლენის” მოხდენა უნდა ჩვენზე – აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი. ტელევიზორი გავთიშოთ?! –არც ეს არის საკმარისი. ინტერნეტი გავთიშოთ?! – არ არის საკმარისი. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ვისაც აქვს საფრთხის განცდა, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩვენზე გავლენა მოახდინოს, მე მათ ვეუბნები, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და ასოცირების ხელშეკრულების დადება–არდადებით არაფერი იცვლება. საქმე რაშია, ჩვენ ეს თავიდან სხვანაირად უნდა ავიცილოთ, არა იზოლირებით, არა შიშით, რომ ვიღაცა თავს მოგვახვევს რაღაცას, არამედ ჩვენი საკუთარი იდენტობის გამყარებით და ჩვენი თავის უკეთ გაცნობით  იმ ხალხებისთვის.

 

მოდი, ასე შევხედოთ, როდესაც უცხოელები ჩამოდიან საქართველოში, ისინი მეტ გავლენას ახდენენ ჩვენზე საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში, თუ ჩვენ? მე მგონია, რომ ჩვენი ხასიათები და ცხოვრების სტილი გაცილებით მეტ გავლენას ახდენს იმ ხალხზე, ვიდრე – მათი ჩვენზე. უცხოეთშიც კი, თუ რაღაც ადგილას 3–4 ქართული ოჯახი ცხოვრობს, ის უფრო მეტ გავლენას ახდენს იქაურობაზე თავისი ხასიათებით და ჩვევებით, ვიდრე პირიქით. ჩვენ ძლიერი კულტურა გვაქვს, იმ [ისტორიული] ქარტეხილების გამოვლა შეუძლებელი იქნებოდა, თუ არა ეს სიძლიერე. ახალი მოვლენა არ არის, რომ უცხო სამყარო, რომელიც არის უფრო ძლიერი, უფრო დომინანტი პატარა საქართველოსთან შეხებაში მოდის. ეს ახალი ამბავი არ არის და იმ [ისტორიულ] გაცილებით ველურ წესებში და ცხოვრების სისტემაში, როცა არაფერი არ არსებობდა, მაგალითად, ირანის შაჰი ხარკს რომ დაგადებდა, გაეროში იჩივლებდი თუ ნატოს დაუძახებდი? ან მონღოლები რომ გადაგივლიდნენ, სასამართლოში უჩივლებდი თუ რას იზამდი?! ანუ დღევანდელი მსოფლიო და საერთაშორისო სისტემა არის გაცილებით ეფექტური, საიმედო იმისთვის, რომ ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესებიც იყოს დაცული და ყველამ არ გადაგვიაროს, ვისაც მოესურვება. დღევანდელ ვითარებაში ბალანსი ჩვენნაირი ქვეყნების და ერების სასარგებლოდაა, დიდ და მსხვილ, დომინანტ სუპერსახელმწიფოებთან შედარებით. ასე რომ, დღევანდელ ვითარებაში ჩვენ გაცილებით თამამები უნდა ვიყოთ, გაცილებით თავდაჯერებულები საკუთარ ძალებში და სწორედ ასე თამამად უნდა შევერიოთ დღევანდელ მსოფლიოს.

 

ის ამბავი, რომ ჩვენ ავითქვიფებით, გავითქვიფებით, ვიღაც მოვა და რაღაცას წაგვართმევს… ეს თუ დაგვემართება, ეს სხვა რამის გამო მოხდება და არა იმის გამო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა დავამყარეთ. არის კი ვარიანტი, რომ ჩვენ ნეიტრალურები ვიყოთ და ყველას ვუთხრათ, რომ თავი დაგვანებეთ,  ჩვენს საქმეს თვითონ მივხედავთო?! ეს ეგრე არ არის. ასეთი არჩევანი რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს 200 სახელმწიფოდან 190 ამ არჩევანს გააკეთებდა და ყველას ეტყოდა – თავი დამანებეთ, არც იმ ალიანსში მინდა და არც ამ ალიანსშიო, მაგრამ ამის საშუალება და შესაძლებლობა არ არსებობს თანამედროვე მსოფლიოში, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.

 

ამას წინათ მალტის პარლამენტის თავმჯდომარე იყო სტუმრად საქართველოს პარლამენტში და ვახშამზე საუბარს შევყევით… 10 წელია ევროკავშირში არიან, მაგრამ ერვოკავშირში როცა შევდიოდით, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ევროპის საქმეეებში ჩარევას მაინცდამაინც არ ვაპირებთ და თქვენც ნუ ჩაერევითო, ანუ ამ თვალსაზრისით მალტა ნეიტრალურია. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიო ძალები შეთანხმდნენ – ჯობია ეს კუნძული ნეიტრალური იყოსო: შენ დაგჭირდება, გააჩერე გემი, მე დამჭირდება – გავაჩერებ გემსო. მოხდა ასეთი შეთანხმება და არის ის ახლა ისე, როგორც არის. მაგრამ კვიპროსზე უბედურებაა, ორად გაყოფილია, იმიტომ, რომ ვიღაცები რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ და არის ერთი ამბავი. ანუ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაც ალტერნატივა გვაქვს და ევროპა შორს იყოსო. ევროპა შორს – ნიშნავს სხვა ვიღაცა ახლოს. ვინ ახლოს? – რუსეთი ახლოს. იმაზე სასაუბროდ და ანალიზის გასაკეთებლად – არის თუ არა აქ რაიმე ხეირი, არც თქვენ მოგაცდენთ და არც მკითხველს.

 

ბოლოს მინდა გკითხოთ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი საქრთველოს პარლამენტში შემოვა რატიფიცირებისთვის, დაუჭერთ თუ არა მას მხარს?

 

ასოცირების ხელშეკრულება, სამწუხაროდ, ჩვენთვის იქცა უსაფრთხოების დოკუმენტადაც. ეს კარგი არ არის იმიტომ, რომ როცა რაიმე საკითხს უსაფრთხოების თემებიც უკავშირდება,  ის პრიორიტეტი ხდება და მაშინ შესაძლოა აღარ არის საშუალება, რომ ისე მოგვარდეს ძალიან ბევრი ისეთი თემა, რომლის მოგვარებაც სხვანაირადაც შეიძლებოდა. მე არათუ მხარს დავუჭერ ასოცირების ხელშეკრულებას, არამედ დამოუკიდბელობის აღდგენის აქტის შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, მომავლის განსამტკიცებლად ამაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს ვერ დავასახელებ. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე დაგვემართა, ჩვენ თვითონაც დავმართეთ და სხვებმაც, და დღევანდელი მდგომარეობით ქვეყნის სუვერენიტეტი ძალიან შერყეული კატეგორიაა. იმ ცნობილი ფორმულიდან “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” ჯერჯერობით ძალიან მცირე ნაწილის განხორციელება შეგვიძლია. ევროპასთან ასოცირება არის ძალიან სერიოზული გარანტია მომავალი კარგი ამბებისთვის. ეს არ არის საკმარისი პირობა, მაგრამ არის აუცილებელი პირობა. შესაბამისად, მე ბედნიერი ვიქნები, თუ პირადად მომეცემა საშუალება, რომ ჩემი წვლილიც შევიტანო ამ საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი