ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, Outdoor.ge-მ ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა

30 აგვისტო, 2018 • 2152
მოქალაქის თქმით, Outdoor.ge-მ ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა

მოქალაქე ამბობს, რომ სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-მ თბილისში ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა.

მარიამ წერეთლის თქმით,  მას და მის მეგობრებს თბილისში ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსება სურდათ. 13 აგვისტოს მან კომპანია Outdoor.ge – ის მიმართა ბანერის განთავსების თხოვნით. რამდენიმე დღეში კომპანიიდან დაუკავშირდნენ და ბანერის განთავსებაზე უარი უთხრეს. მარიამ წერეთელი ამბობს, რომ Outdoor.ge-მ ბანერის შეცვლა მოითხოვა.

“კომპანიიდან მარკეტინგის თანამშრომელმა მომწერა, რომ მსგავს ვიზუალს არ უდასტურებდნენ და ბანერის შეცვლა მოითხოვეს. როცა ვკითხე, რა შემეცვალა, თავი შეიკავეს პასუხისგან. ბუნებრივია, კომპანიას პრობლემა ბანერის ფერებთან არ ჰქონია. კერძო კომპანიაა და ალბათ მსგავსი შინაარსის ბანერის განთავსების შეეშინდათ,” – ამბობს მარიამ წერეთელი.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, რომელიმე ორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს და ბანერის განთავსებისთვის საჭირო თანხა მას და მის მეგობრებს უნდა გადაეხადათ.

Outdoor.ge -ის დირექტორის, ზურაბ პერტაიას თქმით, კომპანიას ანტისაოკუპაციო შინაარსის ბანერთან პრობლემა არ ჰქონია, მეტიც, დირექტორი განმარტავს, რომ მისი კომპანია ოკუპაციის შესახებ აზრს ყოველთვის აფიქსირებს. დირექტორი ამბობს, რომ Outdoor.ge  ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებებს მხარს უჭერს. ბანერზე უარის თქმის მიზეზად ზურაბ პერტაია რეკლამის შესახებ კანონს ასახელებს.

კანონის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აბრაზე უცხოენოვანი წარწერის გაკეთებაც.

“კანონის ფარგლებში ეს ვიზუალი ნათარგმნი თუ იქნება, მზად ვართ აღნიშნული ბანერი ჩვენს სარეკლამო სივრცეზე გავაკრათ,”- უთხრა “რუსთავი 2”- ს ზურაბ პერტაიამ.

მარიამ წერეთელი კომპანიის დირექტორის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კანონის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიის წარმომადგენელს მაშინვე განუმარტა, რომ ბანერზე ინგლისურთან ერთად ქართული წარწერაც იქნებოდა.

“თავიდან ვუთხარი, რომ ბანერის ქართული ვერსია გამზადებული არ მქონდა და თავდაპირველ, ინგლისურ ვერსიას გავუგზავნიდი. ბუნებრივია,  წარწერას ქართულადაც გავაკეთებდით. ახლა ისინი თავის მართლებას იმით ცდილობენ, რომ თითქოს ბანერი მხოლოდ ინგლისურად უნდა ყოფილიყო,” – ამბობს მარიამ წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი