ახალი ამბები

სერენა უილიამსს როლან გაროსზე მჭიდრო კომბინეზონით თამაშს უკრძალავენ

30 აგვისტო, 2018 • 1628
სერენა უილიამსს როლან გაროსზე მჭიდრო კომბინეზონით თამაშს უკრძალავენ

ჩოგბურთელი სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობაზე Tutu-ს კაბით გამოვიდა. Tutu კაბები, როგორც წესი, ბალერინებს აცვიათ, თუმცა უილიამსისთვის ეს იყო იმ აკრძალვაზე პასუხი, რომლის მიხედვითაც მას როლან გაროსზე ე.წ. “ქეთსუითში” (სპორტული, ტანზე მჭიდროდ გამოყვანილი კომბინეზონი) გამოსვლა არ შეუძლია. უილიამსის პროტესტის შესახებ TIME წერს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ცნობილი ქალი ათლეტი მატჩზე შავი სპორტული კაბით წარდგა, რომლის ქვედა ნაწილი ბალეტის ტიულის ქვედაბოლოსგან შედგება. კოსტუმი ლუი ვიტონის თანამონაწილეობით შეიქმნა.

გამოცემის თანახმად, ტიულის კაბის ჩაცმის გადაწყვეტილება უილიამსმა მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე  მას ზემოხსენებილი კომბინეზონით გამოსვლის უფლებას აღარ მისცემენ. უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობის წარმომადგენელმა, ბერნან ჯიუდიჩელიმ გააკრიტიკა და განმარტა, რომ საფრანგეთის 2019 წლის შეჯიბრზე უილიამსი “ქეთსუითით” ვეღარ გამოვა.

“თამაშსა და ადგილს პატივი უნდა ვცეთ,” – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატზე წესები უიმბლდონისნაირი მკაცრი არ იქნება, თუმცა “შეზღუდვები იარსებებს”.

უილიამსმა აღნიშნულ აკრძალვას მალევე უპასუხა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2017 წელს შვილი გააჩინა, სისხლის მიმოქცევასთან პრობლემები აქვს, რის გამოც სწორედაც რომ მჭიდრო კოსტუმი სჭირდება. თუმცა უილიამსი ამატებს, რომ აღნიშნული ფაქტი რომ სცოდნოდათ, ფედერაცია მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა. ის ახლა სხვა ტურნირზე, აშშ-ში ასპარეზობს და თამაშს ტიულის ქვედაბოლოთი აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი