ახალი ამბები

ჰაერის დაბინძურება გონების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს – კვლევა

28 აგვისტო, 2018 • 2485
ჰაერის დაბინძურება გონების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს – კვლევა

გარდიანისა და BBC-ის ცნობით, კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფითად მოქმედებს. კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ჰაერის დაბინძურება გონების მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

კვლევა ოთხი წლის განმავლობაში, 2010 დან 2014 წლებში, ჩინეთში ტარდებოდა. საკვლევ პერიოდში ჩინეთში მცხოვრები 20 ათასი ადამიანი შეისწავლეს. კვლევას ატარებდნენ პეკინისა და იელის უნივერისტეტებიდან ამერიკელი და ჩინელი მკვლევრები.

BBC წერს, რომ კვლევა ეფუძნებოდა დიოქსიდისა და  ნიტროგენის შემცველობის გაზომვას იმ ადგილებში, სადაც კვლევის მონაწილეები ცხოვრობენ. ავტორები ვერ ასახელებენ, ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომელი უფრო მავნეა ადამიანის გონებისთვის, თუმცა  განმარტავენ, რომ დაბინძურებული ჰაერი ტვინზე რამდენიმე გზით ახდენს გავლენას. მაგალითად,  ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები პირდაპირ ტვინში ხვდება. კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანების უნარს მათემატიკასა და ენებში. ავტორები აცხადებენ, რომ  ნაჩვენები უარყოფითი შედეგები ადამიანის მიერ ერთი წლით საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტას უდრის. ამასთან, დაბინძურებული ჰაერი კაცის ინტელექტს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ქალისას.

“დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით მავნეა 64 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე, კაცებისთვის. თუ ზიანს დავითვლით, ვნახავთ რომ ამ კატეგორიაში ინტელექტის დანაკარგი რამდენიმე წლით სწავლის შეწყვეტის ტოლფასია,” – ამბობს იელის უნივერსიტეტის პროფესორი და ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

The Guardian – ის ინფორმაციით, აქამდე ჰაერის დაბინძურების შესახებ  არსებული კვლევა მხოლოდ სტუდენტებსა და მათ გონებაზე უარყოფით გავლენას შეეხებოდა. ჩინეთისა და ამერიკის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი ყველა ასაკი მოიცვა. ამასთან, კვლევამ ზიანი სქესის მიხედვითაც გამიჯნა.

“ამ კვლევის ძირითადი მიგნება მაინც არის გონებაზე დაბინძურებული ჰაერის გავლენა. ბუნებრივია, ეს აისახება ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის სოციალურ კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ჩვენი კვლევით დადგინა, რომ დაბინძურებული ჰაერის გავლენა გაცილებით მასშტაბურია”, – ამბობს ერთ – ერთი ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა კონკრეტულად ერთ გეოგრაფიულ არეალში ჩატარდა, კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი გავლენა ადამიანის გონებაზე, მთელს მსოფლიოში ერთნაირია.

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. მეტიც, მან შესაძლოა დეპრესიაც გამოიწვიოს. დაბინძურებული ჰაერი ალცჰაიმერის დაავადების რისკსაც ზრდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების შედეგად, ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი იღუპება. მსოფლიოში 10-დან 9 ადამიანი კი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი