ახალი ამბები

ივანკა ტრამპი მაკკეინზე: მსოფლიო ნამდვილი გმირის დაკარგვას გლოვობს

28 აგვისტო, 2018 • 4348
ივანკა ტრამპი მაკკეინზე: მსოფლიო ნამდვილი გმირის დაკარგვას გლოვობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი და თეთრი სახლის მრჩეველი ივანკა ტრამპი სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მან ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსოფლიომ “ნამდვილი გმირი” დაკარგა.

“მინდა გამოვხატო ჩემი უღრმესი სიმპათიები სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახის მიმართ; ამერიკელი პატრიოტისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას თითქმის 6 დეკადის მანძილზე ბრწყინვალედ ემსახურა. ერი ერთიანია ამ წუხილში, მსოფლიო კი ნამდვილი გმირისა და დიდი სახელმწიფო მოღვაწის დაკარგვას გლოვობს”, – აღნიშნა მან.

ჯონ მაკკეინთან დაკავშირებით განცხადება დონალდ ტრამპმაც გაავრცელა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მაკკეინის ღვაწლს აფასებს.

“მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა პოლიტიკაში, ვაფასებ ჯონ მაკკეინის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე და მის საპატივსაცემოდ გამოვეცი პროკლამაცია, მისი დაკრძალვის დღემდე აშშ-ის დროშა სანახევროდ დაეშვას”, – ამბობს ტრამპი.

NBC-ის ცნობით, ტრამპის ამ გადაწყვეტილებამდე, თეთრმა სახლმა კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ორშაბათის დილას შენობაზე აშშ-ის დროშა კვლავ ჩვეულებრივ იყო აღმართული.

გარდაცვლილმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ანდერძით დაიბარა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის დაკრძალვაზე არ მივიდეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სენატორმა თავის ანდერძში დაწერა, რომ სურს მის დაკრძალვაზე ყოფილი პრეზიდენტები გამოვიდნენ გამოსამშვიდობებელი სიტყვით – ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, რომელსაც იგი მკაცრად აკრიტიკებდა, აუკრძალა გასვენებაში მისვლა.

CNN-ის კიდევ ერთი სტატიის მიხედვით, თეთრმა სახლმა არ გაავრცელა ნეკროლოგი სენატორის დაღუპვის გამო. როგორც CNN-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, მაკკეინის გარდაცვალების გამო ნეკროლოგი უკვე დაწერილი იყო, თუმცა თეთრმა სახლმა არ გაავრცელა.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე, ტვინის სიმსივნით დაავადებულმა ჯონ მაკკეინმა მედიკამენტებით მკურნალობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს მაკკეინის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონის შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ვიეტნამის ომის ვეტერანმა მაკკეინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ მიიღო – 2000 და 2008 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი