“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე არაადეკვატურს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას არ დაასახელებს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავმჯდომარის კანდიდატურაზე რეალური მსჯელობა არ ყოფილიყო.
“მისი დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია. მან პასუხისმგებლობა ვერ აიღო იმაზე, რისი კონსტიტუციური უფლებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ თემაზე რეალური კონსულტაციები არ ყოფილიყო”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
“ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ამ გადაწყვეტილებით “ქართულ ოცნებას” საშუალება მისცა, ამ პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატი დაამტკიცოს.
“გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რატომ არ შეასრულა მან საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და რატომ არ დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ამ გადაწყვეტილებით მან “ქართულ ოცნებას” შესაძლებლობა დაუტოვა, დაამტკიცოს მისთვის მისაღები კანდიდატი,” -აცხადებს ირაკლი აბესაძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და აბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს 28 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დაასახელებს.
“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში უკვე შეასრულა უარყოფითი როლი, როდესაც “ქართული ოცნების” კანდიდატი ნინო გვენეტაძე წარადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. შესაბამისად, ის შედეგი მივიღეთ, რაც გვაქვს. ახლა, ამ ვითარებაში ლოგიკურია, როცა პრეზიდენტმა, რომელსაც ვადა გასდის, არ წარადგინოს კანდიდატი, არამედ ახალი არჩევნების გზით ხალხის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა მოახდინოს ამ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა,”-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
დღეს, 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსენსუსის არარსებობის პირობებში კანდიდატის დასახელება აზრს მოკლებულია:
“იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას, ანუ პარლამენტში კანდიდატურის დამტკიცების ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.