ახალი ამბები

ხულოში, სოფელ ღურტაში სპეცრაზმია მობილიზებული

9 მარტი, 2014 • 1464
ხულოში, სოფელ ღურტაში სპეცრაზმია მობილიზებული

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის თქმით, რომელიც ამჟამად ღურტაშია, სოფლთან ახლოს დაახლოებით 20-მდე შავი პიკაპია, რომელშიც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები სხედან. სოფელში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, პიკაპებში არა სპეცრაზმელები, არამედ პოლიციელები სხედან და მათი მობილიზება იმით აიხსნება, რომ დღეს ღურტაში აქცია იყო. 

 

შეგახსენებთ, რომ ვითარება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში დღეს დაიძაბა. მოსახლეობის თქმით, მათ წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა. სოფელ ღურტასა და დიდაჭარას მოსახლეობა ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, რომელსაც “აჭარისწყალი ჯორჯია” აშენებს.  

 

ღურტაში იმყოფებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში გიორგი ჩარკვიანი და გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ამ დროისათვის ისინი სოფლების წარმომადგენლებთან ერთად ხულოს გამგეობაში მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მიდიან.

 

ხულოში ჩავიდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ხულოს მაჟორიტარი თემურ ბოლქვაძე.  

 

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას სთავაზობს, ხელი არ შეუშალონ ტექნიკის მუშაობას და გააგრძელონ მოლაპარაკება მთავრობასთან. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი