ახალი ამბები

ფორბსის 2014 წლის მილიარდერებში საქართველოს ერთი მოქალაქეა

5 მარტი, 2014 •
ფორბსის 2014 წლის მილიარდერებში საქართველოს ერთი მოქალაქეა

2014 წელს ფორბსის უმდიდრესი ადამიანების სიას 268 ახალი ბიზნესმენი შეემატა, მათ შორის 42 ქალი მილიარდერია. სიაში სულ 172 ქალი მილიარდერი ფიგურირებს.

ბილ გეიტსი
ბილ გეიტსი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსია, რომელმაც პირველი ადგილი 4 წლის შემდეგ დაიბრუნა. მისი კაპიტალი 76 მილიარდი აშშ დოლარია. მეორე ადგილზეა მექსიკელი მედიამგანატი, ტელეკომის მფლობელი კარლოს სლიმი (72 მილიარდი დოლარი), რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.  მესამეზე ესპანელი ბიზნესმენი არმანსიო ორტეგაა (64 მილიარდი დოლარი), რომელიც ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის, ზარას მფლობელია, მეოთხეზე უორენ ბაფეტი – $58.2 B, ხოლო მეხუთეზე – ლარი ელისონი, კომპანია Oracle–ის დამფუძნებელი.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 270-ე ადგილზეა 5,2 მილიარდი აშშ დოლარით. 58 წლის ქართველმა ბიზნესმენმა პოზიციები დათმო, რადგან შარშანდელ რეიტინგში იგი 229–ე ადგილს იაკვებდა 5,3 მილიარდი აშშ დოლარით. ივანიშვილი საქართველოში მოღვაწე ერთადერთი ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის სიაში მოხვდა, თუმცა ფორბსის უმდიდრეს ადამიანებში ასევე მოიხსენიებს რუსეთში მცხოვრებ დავით იაკობაშვილს, რომელიც ნავთობის და უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული. გამოცემის მიხევით იაკობაშვილი 1,2 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს და რეიტინგში 1372–ე ადგილს იკავებს. ფორბსის პროფილის მიხედვით, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა, იაკობაშვილი დაიბადა საქართველოში, თბილისში, არ გააჩნია უმაღლესი განათლება. არის კომპანია „ვიმ–ბილ–დან“–ის (რძის პროდუქტებისა და სხვადასხვა სახის წვენების მწარმოებელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრი. დაქორწიენბულია მისივე კომპანიონისა და ბიზნესპარტნიორის გავრილ იუშვაევის (რომელსაც რუსული „ფორბსის“ რეიტინგში 83–ე ადგილი უკავია) ძმისწულზე. 1993 წელს იუშვაევთან ერთად ჩადო ფული პროექტში, რომელიც შეეხებოდა ლიანოზოვის რძის კომბინატის ბაზაზე წვენების ჩამოსხმის ბიზნესს. ასე დაიწყო „ვიმ–ბილ–დანის“ შექმნა, რომლის აქციონერებიც გახდნენ შემდეგში იაკობაშვილი და იუშვაევი. 2011 წელს „ვიმ–ბილ–დანის“ აქციების 66% შეისყიდა კომპანიამ PepsiCo 3.8 მილიარდ დოლარად. 

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ასევე, სიაში ფიგურირებს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ჯაფარიძეც, რომელიც 2,1 აშშ დოლარით 828–ე ადგილზე. ფორბსის ცნობით, 58 წლის ჯაფარიძეს ნავთობ–ბიზნესი აქვს. „ფორბსის“ რეიტინგში ჯაფარიძის პროფილი ასე გამოიყურება: დაიბადა დაღესტანში. 1977 წელს დაამთავრა მოსკოვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა ცენტრალური გეოფიზიკის ექსპედიციის ფარგლებში. 1995 წელს დააფუძნა მომსახურების კომპანია „პეტროალიანსი“ (ნავთობსაბადოების დამუშავება), რომელიც გაყიდა 2004 წელს და შეიძინა „ლუკოილის“ საბურღი განყოფილება. 2007 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარსდგა IPO Eurasia Drilling Company. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

 

რაც შეეხება ქალ მილიარდერებს, ფორბსის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალი კრისტი უოლტონია (36.7 მილიარდი), რომელიც ოჯახთან ერთად უოლ–მარტს ფლობს. იგი უოლ–მარტის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთ–ერთი ქალიშვილია. მეორე ადგილზე კომპანია ლ’ორეალის 91 წლის მფლობელი ლილიან ბეტანკური, რომლის ქონებაც 34.5 მილიარდს შეადგენს. ამერიკელი ტელე–ვარსკვლავი ოპრა უინფრის კაპიტალი 2,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. უმდიდრესი ქალების რეიტინგში კვლავ ვერ მოხვდა ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი, რომელმაც ეს ადგილი 2011 წლის შემდეგ დაკარგა. ბიზნესინსაიდერის ინფორმაციით, როულინგი მილიარდერი აღარ არის, რადგან მან თავისი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებასა და გადასახადებში დახარჯა.

 

მილიარდერების სიაში მოხვდნენ კომპანია გუგლის ორი დამფუძნებელი სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, თითოეული მათგანის ქონება 30 მილიარდს აღემატება. ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომელიც 29 წლის არის, 28,5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 24 წლის პერენა კეია, რომლის ოჯახიც უძრავი ქოენბის ბიზნესში მოღვაწეობს. იგი 1,3 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

 

ზემოხსენებულ სიაში ყველაზე მეტი 492 მილიარდერი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელიც უმდიდრესი ადამიანების სიაში 152 ბიზნესმენითაა წარმოდგენილი, ხოლო მესამეზე რუსეთია – 111 ბიზნესმენით.

მასალების გადაბეჭდვის წესი