სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2018 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა. საქსტატის თანახმად, პირუტყვების რაოდენობა 2017 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით თითქმის 6%-ით არის შემცირებული. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით 977.4 ათასი სული შეადგინა.
პირუტყვის რაოდენობის შემცირებასთან ერთად, 2018 წლის მე-2 კვარტალში შემცირებულია რძის წარმოებაც. საქსტატის ინფორმაციით, რძის წარმოებამ 183.4 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 5%-ით ნაკლებია.
რძის წარმოების მსგავსად, მე-2 კვარტალში შემცირებულია ხორცის წარმოებაც. 2017 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით მიმდინარე წელს ხორცის წარმოება 13%-ით შემცირდა. 2018 წლის მე-2 კვარტალში წარმოებული ხორცის რაოდენობამ 14 ათასი ტონა შეადგინა.
2018 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილია ცხვრისა და თხის რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ცხვრისა და თხის რაოდენობამ 1.2 მლნ სულს მიაღწია. 14.3%-ით გაიზარდა ღორების რაოდენობა 2018 წლის მე-2 კვარტალში. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ღორების რიცხვმა მიმდინარე წელს დაახლოებით 226 ათასი სული შეადგინა.