ახალი ამბები

მოსკოვში გადატრიალების ბრალდებით დაკავებული თინეიჯერი გოგოების გათავისუფლებას ითხოვენ

16 აგვისტო, 2018 •
მოსკოვში გადატრიალების ბრალდებით დაკავებული თინეიჯერი გოგოების გათავისუფლებას ითხოვენ

რუსეთის ხელისუფლება 18 წლის ანნა პავლიკოვასა და 19 წლის მარია დუბოვიკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავება. თინეიჯერი გოგოები უკვე რამდენიმე თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. 15 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში  მათი გათავისუფლების მოთხოვნით დედების მარში გაიმართა.

საქმე ეხება ორგანიზაცია “ნოვოე ველიჩიეს”, რომლის წევრებსაც, მათ შორის პავლიკოვასა და დუბოვიკს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სდებენ ბრალად. თუმცა თავად ბრალდებულები ამბობენ, რომ აღნიშნული დაჯგუფების ორგანიზებაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ფარულად იყვნენ ჩართულნი და სწორედ მათ გამოიწვიეს ამჟამად ბრალდებულთა პროვოცირება.

მოსკოვში “დედათა მარში” გაიმართა. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოსკოვში, უზენაეს სასამართლომდე მოაწყვეს. “ბავშვების ადგილი ციხე არ არის” – მსვლელობის მონაწილეები უზენაეს სასამართლოსთან ასე სკანდირებდნენ. მათ სასამართლოს კარი სათამაშოებითა და ბუშტებით მორთეს.

მოსკოვში “დედათა მარში” გაიმარტა. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

“დედათა მარშის” მონაწილეთა ზუსტი რიცხვი არ არსებობს. თვითმხილველთა ნაწილი აცხადებს, რომ მსვლელობას ასეულობით ადამიანი შეურეთდა, რუსეთის შსს-ს ცნობით კი, მათი რაოდენობა 200 ადამიანს არ აჭარბებდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის დროს მოსკოვის ცენტრში კოკისპირულად წვიმდა.  მსვლელობა სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. სამართალდამცავები აქციის წევრებს სთხოვნდნენ, არ გადასულიყვნენ ქუჩის სავალ ნაწილზე და სხვა მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში ხელი არ შეეშალათ.

“დედათა მარში” 9 აგვისტოს, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სასამართლომ პავლიკოვა პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს თხოვნით მიმართეს, ახალგაზრდა შინაპატიმრობაში გადაეყვანათ, ვინაიდან მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა.

როგორც “დედათა მარშის” ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქციის მთავარი მიზანი იყო ეჩევენებინა, რომ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ამგვარი მეთოდები ყველა ახალგაზრდას საფრთხის ქვეშ აყენებს.

“ნოვოე ველიჩიეს” საქმე მოკლედ

ანნა პავლიკოვას, მარია დუბოვიკს და კიდევ რვა ადამიანს ექსტრემისტული დაჯგუფების “ნოვოე ველიჩიეს” შექმნაში სდებენ ბრალს. გამოძიების ვერსიის თანახმად, დაჯგუფების წევრები “სახალხო აჯანყებებს, რევოლუციურ ქმედებებსა და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან შეტაკებებს” გეგმავდნენ.

პავლიკოვასა და კიდევ რამდენიმე ბრალდებულის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ისინი სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული პროვოკატორის ქმედებების მსხვერპლნი გახდნენ.

როგროც Meduza წერს, საქმის ფიგურანტთა უმეტესობამ ერთმანეთი 2017 წელს სოციალური ქსელის ჩატში გაიცნო. ამავე წლის 10 ნოემბერიდან კი “მაკდონალდის” ადგილობრივი ქსელის რესტორნებში დაიწყეს შეხვედრები. როგორც ისინი დაკითხვებზე იხსენებდნენ, შეხვედრებისას, უბრალოდ, საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, პოლიტიკაზეც.

საქმის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოვიდა დაახლოებით 30 წლის კაცი, რომელიც ონლაინ ჩატში რუსლან დ-ს სახელით იყო ცნობილი. აღნიშნულმა პირმა მალე მოიპოვა ჩატის მონაწილეთა ნდობა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ რუსლან დ. ან პოლიციის ინფორმატორია, ან შს-ს წარმომადგენელი. პროცესზე მას მოწმის სტატუსი აქვს.

დაკითხვებისას რუსლან დ-მ პირდაპირ თქვა, რომ ახალგაზრდათა ჯგუფს მიზანმიმართულად უთვალთვალებდა, ვინაიდან ხვდებოდა “მათი შესაძლო მართლსაწინააღმდეგო” ქმედებების შესახებ. მისივე თქმით, ის ეკონტაქტებოდა ჯგუფს იმიტომ, რომ შემდგომ ინფორმაცია სამართალდამცველებისთვის გადაეცა.

როგორც რამდენიმე ბრალდებული აცხადებს, მათ სწორედ რუსლან დ-მ შესთავაზა პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. ზოგიერთის თქმით, ორგანიზაციის შექმნის იდეა რუსლან კოსტილენკოვს ეკუთვნის, რომელიც “ნოვოე ველიჩიეს” ლიდერად მიიჩნევა.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, პავლიკოვა და დუბოვიკი საქმის ყველაზე პატარა ფიგურანტები არიან, ისინი 2018 წლის მარტში დააკავეს. როგორც მათი ადვოკატები ამბობენ, დაკავების შემდეგ ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა.

3 აგვისტოს პავლიკოვას დაკავების მასალები უზენაესმა სასამართლომ ხელახალი განხილივსთვის მოითხოვა. როგორც პავლიკოვას ადვოკატი ამბობს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იმედს იძლევა, რომ პავლიკოვას პატიმრობას შეუცვლიან შიდაპატიმრობით, ან სხვა, უფრო მსუბუქი ზომით.

გარდა ამისა, სანამ “დედათა მარში” გაიმართებოდა, რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ნოვოე ველიჩიეს” გამომძიებელი სასამართლოში პავლიკოვასა და დუბოვიკის შინაპატიმრობის შუამდომგლობით გამოვიდა. გამომძიებლის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გამოძიების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

დღეს, 16 აგვისტოს, პავლიკოვასა და დუბოვიკის საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი