ახალი ამბები

თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კავშირები ბიზნესთან

15 აგვისტო, 2018 • 5043
თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კავშირები ბიზნესთან

თბილსის მერმა კახა კალაძემ დღეს, 15 აგვისტოს, მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა.

ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

„[ალექსანდრე ტოგონიძე] წლების განმავლობაში, მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მგონია, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვარებთ და წარმატებებს მივაღწევთ. გენგეგმის მიღების შემდეგ მისი აღსრულება და განხორციელება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და ალექსანდრე ტოგონიძეს, მინდა, ამ მიმართულებით, წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ალექსანდრე ტოგონიძე 1992 წელს დაიბადა. 2016 წელს “ქართული ოცნების” შემწირველად ფიქსირდება, მან პარტიას 15 000 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტოგონიძე “კავკასუს როუდ ლაინის”, “ეს-ბი-ქეისა” და “საქართველოს ბიზნეს ჯგუფის” მეწილეა.

“ეს-ბი-ქეიში” ტოგონიძე კომპანიის 33%-ს ფლობს. მისი პარტნიორები არიან ნოდარ საბანაძე (34%) და ქრისტინე პელიხი (33%). ტოგონიძე “კავკასუს როუდ ლაინის” მფლობელია. “საქართველოს ბიზნეს ჯგუფში” ტოგონიძის პარტნიორები არიან “პატრიოტთა ალიანსის” შემწირველი ვახტანგ ბეგიაშვილი და მირიან ყარაულაშვილი.

კალაძის თქმით, სამსახურის მოქმედი უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი უხელმძღვანელებს ქალაქში შერჩეული კონკრეტული არეალების ჩარჩო-გეგმების შემუშავების პროცესს. ასევე, იმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე.

“რუსუდან მირზიკაშვილი ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაიბარებს. გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო-გეგმებზე მუშაობა გვიწევს. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც ჩარჩო-გეგმების დამუშავება და ამ კონკრეტული არეალების განვითარება მოხდება, რათა ის შედეგები არ მივიღოთ, რაც თბილისის ზოგიერთ რაიონშია. ჩარჩო-გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი