ახალი ამბები

ეკრანის ლურჯი შუქი მხედველობის დაკარგვის პროცესს აჩქარებს – კვლევა

14 აგვისტო, 2018 • 3933
ეკრანის ლურჯი შუქი მხედველობის დაკარგვის პროცესს აჩქარებს – კვლევა

ციფრული მოწყობილობების, სმარტფონებისა და ლეპტობების ლურჯი შუქი მხედველობას ზიანს აყენებს და შესაძლოა, უსინათლობის გამომწვევი პროცესი დააჩქაროს, – წერს The Guardian.

აშშ-ში, ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევდნენ ლურჯი შუქის ეფექტს მხედველობაზე. მათი დასკვნით, შუქის ხანგრძლივი ზემოქმედება აზიანებს იმ მოლეკულებს, რომელიც შუქზე მგრძნობიარე მოლეკულების წარმოქმნაზე არიან პასუხისმგებელნი. ამ პროცესს კი საბოლოოდ მაკულარულ დაზიანებამდე მივყავართ. ეს არის განუკურნებელი მდგომარეობა, რომელიც მხედველობის ცენტრალურ ნაწილზე ზემოქმედებს.

პროფესორი აჟიტ კურუნართანი, რომელიც უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტში მუშაობს, ამბობს, რომ ლურჯი შუქი თვალის ბადურას ვნებს:

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ექსპერიმენტი მიგვიყვანს ისეთი თერაპიის შემუშავებასთან, რომლითაც მაკულარული დაზიანების შენელებას შევძლებთ, მაგალითად, გამოვიგონებთ შესაბამის თვალის წვეთებს”.

მაკულარული დაზიანება ბრიტანეთში მოსახლეობის 2.4%-ს აქვს. ის დამახასიათებელია 50-60 წლის ასაკის ადამიანებისთვის და მხედველობის მნიშვნელოვნად დაკარგვას გულისხმობს.

მაკულარულ დაზიანებას ფოტორეცეპტორების კვდომა იწვევს, რაც ნიშნავს, რომ თვალის ბადურაში შუქზე მგრძნობიარე უჯრედები იწყებს კვდომას.

ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დაზიანება აშშ-ში უსინათლობის მთავარი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულ უსინათლობას არ იწვევს, კითხვა და სახეების გარჩევა ადამიანისთვის რთული ხდება.

იმ ადამიანებს, ვისაც თვალების ლურჯი შუქისგან დაცვა სურთ, პროფესორი კარუნართანი ურჩევს, რომ ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთობისას მზის სათვალე ატარონ და სიბნელეში ამ მოწყობილობების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი