საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ 4-ოთახიან ბინას.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებული თანხის ნაწილის – 3 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.