ახალი ამბები

“მეტალ ფესტივალზე გაპარული მოხუცების” ამბავი – რა მოხდა სინამდვილეში?

10 აგვისტო, 2018 • 3796
“მეტალ ფესტივალზე გაპარული მოხუცების” ამბავი – რა მოხდა სინამდვილეში?

ორი გერმანელი “მოხუცი” კაცის ამბავი, რომლებიც თავშესაფრიდან “მძიმე მეტალის ფესტივალზე დასასწრებად” გაიპარნენ, გავრცელებისთანავე მსოფლიოს მოედო. ამბავი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით მრავალმა გამოცემამ, მათ შორის, “ნეტგაზეთმაც” გააშუქა. თუმცა, პოლიციის მიერ გავრცელებული დამატებითი ინფორმაცია თავდაპირველ სურათს მნიშვნელოვნად ცვლის.

თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ორი მოხუცი კაცი გერმანიის ერთ-ერთი თავშესაფრიდან მძიმე მეტალის უდიდეს ფესტივალზე, Wacken Open Air-ზე დასასწრებად, ახლომდებარე სოფელ ვაკენში გაიპარა. როცა თავშესაფრის თანამშომლებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი თავიანთ ოთახებში აღარ იმყოფებოდნენ, პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა მოხუცები შუაღამისას, ფესტივალზე იპოვეს. მაშინ პოლიცია აღნიშნავდა, რომ მოხუცებს “ფესტივალი მოსწონდათ”, თუმცა თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, რის გამოც თავშესაფარში თავად დააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც ისტორია მრავალმა გამოცემამ გამოაქვეყნა, ადგილობრივმა პოლიციამ ამბის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ინფორმაციის თანახმად, კაცები სულაც არ იყვნენ მოხუცები. ერთი 58, მეორე კი 59 წლის იყო და მენტალური პრობლემები ჰქონდათ.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა კაცებს მართლაც მიაგნეს სოფელ ვაკენში, თუმცა არა ფესტივალის ტერიტორიაზე. მათ არც ბილეთები ჰქონდათ და არც ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ რომელიმე ღონისძიებას დასწრებიან.

როგორც პოლიციის სპიკერმა პიტერ ბერნდტმა საზოგადოებრივ მაუწყებელ NDR-ს განუცხადა, კაცები ვაკენში “გასართობად” წავიდნენ, თუმცა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რამაც ისინი “უმწეო მდგომარეობაში” ჩააგდო. ისინი 03:00-ზე ავტობუსის გაჩერებაზე პოლიციელებმა იპოვეს მას შემდეგ, რაც ბოლო ავტობუსმა გაასწრო; ჩაუტარეს სამედიცინო შემოწმება და ორივე მათგანი თავშესაფარში დააბრუნეს.

როგორც Deutche Welle წერს, პოლიციის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ცნობაში კაცები დახასიათებულები იყვნენ მოხუცებად, ეწერა, რომ წამოვიდნენ მოხუცთა თავშესაფრიდან და მოსწონდათ ფესტივალი. შემდგომი ინტერპრეტაციები, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულმა დეტალებმა გამოიწვია.

გამოცემა იმასაც ამბობს, რომ მისმა ჟურნალისტებმა პოლიციას ამბის თავდაპირველი ვერსიის გავრცელებისთანავე მიმართეს, თუმცა დამატებითი დეტალები სამართალდამცავ უწყებას მათთვის არ მიუწოდებია.

Deutche Welle-მ, სხვა გერმანული მედიასაშუალებების მსგავსად, აუდიტორია ამბის რეალური ვერსია უკვე გააცნო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი