ახალი ამბები

ბათუმში თურქეთის მოქალაქის მიმართ გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, 1 იძებნება

10 აგვისტო, 2018 • 2667
ბათუმში თურქეთის მოქალაქის მიმართ გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, 1 იძებნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შ.დ. საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:

“ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ. სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.”

შსს-ს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებთან ერთობივად ფ.წ. ბორჯომში, მ.თ. კი კახეთში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მიმალვაში მყოფ მ.თ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და ის იძებნება.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის საქმეზე, სისხლის სამართის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. შსს-ს განცხადებით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი