ახალი ამბები

აშშ საქართველოს დახმარების გაზრდას დაპირდა

26 თებერვალი, 2014 •
აშშ საქართველოს დახმარების გაზრდას დაპირდა

საქართველოსთვის დახმარების შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ- საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

“დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, პირველ რიგში, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და ე.წ. ბორდერიზაციის –საზღვრის გავლების მიმართულებით ხელშეწყობა, ასევე გამოვთქვამთ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის ხელშეწყობის მხადყოფნა, ინვესტიციების, ვაჭრობის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციასაც. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალ პლანზე წამოსწევს საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ჯონ კერიმ შეხვედრის დროს.

 

ამავე შეხვედრაზე განცხადება გააკეთა და აშშ მნიშვენველოვან სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„საქართველო ამერიკას აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს და მინდა უსაფრთხოების, ტერიტორიული ერთიანობის და სხვა მიმართულებით თქვენი მუდმივი მზადყოფნისა და დახმარებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ძლიერი სტიმული გახლავთ ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ დემოკრატიის გაძლიერება. საქართველოს ტერიტორიების 20 %-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოც ამერიკის გვერდით დგას. როცა გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო სტრატეგიულ მოკავშირეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის სასარგებლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება. ქარტია გახლავთ ჩარჩო ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი მიმართულებისა. საქართველო ოთხივე მიმართულებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი