ტიმოშენკო პატიმრობიდან გუშინ, 22 თებერვალს გათავისუფლდა, გვიან ღამით კი მაიდანზე მივიდა, სადაც შეკრებილ ადამიანებს მიმართა.
“სანამ თქვენს საქმეს არ დაასრულებთ, არავის აქვს უფლება წავიდეს. თქვენ გმირები ხართ, რადგან არავის შეუძლია იმის გაკეთება, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენ თავიდან მოიშორეთ ეს “სიმსივნე”- განაცხადა ტიმოშენკომ.
BBC წერს, რომ ტიმოშენკოს მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინის ოპოზიციაში არ არსებობს. ტიმოშენკოს დაპატიმრებამდე მისი რეიტინგი იკლებდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებდნენ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომ პერიოდის ქაოსში. იულია ტიმოშენკოს მიმართ ასევე ისმის ბრალდება, რომ იგი უკრაინის კორუფციული ელიტის წევრი იყო. BBC წერს, რომ ათეულობით ადამიანმა მოედანი მას შემდეგ დატოვა, რაც ტიმოშენკო სცენაზე ავიდა.
იულია ტიმოშენკოს 7 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელი პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდებოდა. მისი გათავისუფლების დადგენილება უკრაინის რადამ გუშინ, 22 თებერვალს მიიღო, რის შემდეგაც ტიმოშნკომ საპატიმრო დატოვა. უკრაინის რადამ გუშინ ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 25 მაისს ჩატარებას დაუჭირა მხარი.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, მესაზღვრეებმა დონეცკის ეროპორტიდან არ გაუშვეს თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ სერგეი ასტახოვმა განაცხადა:
” შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა ქრთამი შესთავაზეს ფრენის დაშვების სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებისგან უარი მიიღეს, თვითმფრინავს ორი ბრონირებული ავტომობილი მიუახლოვდა, სახელმწიფო პირველი პირი ავტომობილში გადაჯდა და აეროპორტის ტერიტორია დატოვა”- ამბობს ასტახოვი.