ახალი ამბები

წეროვანში, აშშ-ს დახმარებით, სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო კომპლექსი შენდება

1 აგვისტო, 2018 •
წეროვანში, აშშ-ს დახმარებით, სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო კომპლექსი შენდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წეროვანში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა იწყება. კომპლექსი აშშ-ს მხარდაჭერით ხორციელდება. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი. კომპლექსი მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდება.

“ახალი შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც დაეხმარება,”-წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერით დააპროექტეს. ცენტრი სამშენებლო კომპანია შპს LCONS-ის, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით (Foreign Military Financing – FMF) და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი