ახალი ამბები

სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მოქალაქეებს მხოლოდ საშვებით უშვებენ

22 თებერვალი, 2014 • 1757
სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მოქალაქეებს მხოლოდ საშვებით უშვებენ

ათეულობით ჟურნალისტი დღევანდელი დღის გასაშუქებლად  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკროავტობუსებით ჩაიყვანა ადგილზე, რათა მათ გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდათ. ჟურნალისტები ადგილზე იმყოფებიან, თუმცა მათ ტაძრის ტერიტორიაზე არ უშვებენ. მათთან ერთად თბილისიდან ასევე მგზავრობდა სამების საკათედრო ტაძრის წარმომადგენელი სოსო ტყებუჩავა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილზე მათი შეშვების საკითხს გაარკვევდა, თუმცა ტაძარში შესვლის შემდეგ აღარ გამოსულა.

სამთავროს დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით მოქალაქეა შეკრებილი, ხალხის ნაკადის გადაადგილებას თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები აკონტროლებენ.

10:30 წუთზე ადგილზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ცოლთან ერთად მივიდა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, გახსნეს თუ არა გაბრიელ ბერის საფლავი. შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ბერის საფლავის  გახსნა დღეს, 22 თებერვალსაა დაგეგმილი.  საპატრიარქოს განცხადებით, 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში გადაიტანენ: “ერთი კვირის მანძილზე მრევლს ექნება საშუალება პატივი მიაგოს მას, აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.”

საპატრიარქოს განცხადებით, ბერის ნაწილებს 22 თებერვალს, 12:00 საათზე საფლავიდან ამოიღებენ. ნეშტს ჯერ სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე სვეტიცხოველში წაიღებენ.

საპატრიარქოს განცხადებით, გაბრიელ ბერი სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაიკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი