ახალი ამბები

ევა გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლო არ და ვერ გაუქმდება

31 ივლისი, 2018 • 4250
ევა გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლო არ და ვერ გაუქმდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე უწყების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ კრიტიკოსთა ნაწილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას, გოცირიძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი რამ ვერ მოხდება.

“რა თქმა უნდა, ვერ გაუქმდება და არ გაუქმდება. როგორ შეიძლება, გაუქმდეს სასამართლო, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის გარანტი. გამორიცხულია, ეს განვითარებულ ქვეყანაში მოხდეს.

საკონსტიტუციო კონტროლის ფუნქცია ყველგან არსებობს. განსხვავება ისაა, რომ ზოგჯერ ეს ფუნქცია აქვთ საერთო სასამართლოებს. ეს ძირითადად ხდება ანგლო-ამერიკული სისტემის ქვეყნებში. ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია კონსტიტუციური კონტროლი, როცა საკონსტიტოცუო მართლმსაჯულებას აღასრულებს ცალკე სასამართლო”, – უთხრა ევა გოცირიძემ “ნეტგაზეთს.

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, გადაწყვეტილების კრიტიკოსთა ნაწილმა, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ინიციატივა გაახმიანა. პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სასამართლოს  გადაწყვეტილება “ერის ღალატად” შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება თავის გადაწყვეტილებებით ერის ნებას უგულებელჰყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი