რამდენიმე დღის წინ ფეისბუკში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, დეპუტატი სალომე ფაცაცია ჩვილ ბავშვთან ერთად როგორ ესწრება ზუგდიდის საკრებულოს სხდომას. როგორც ნეტგაზეთს მან უთხრა, ბავშვთან ერთად ის სხვა სხდომებსაც დაესწრება, ხოლო საჯარო სივრცეებში ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნის ინიციატივით, ზუგდიდის საკრებულოს შემდგომ სხდომაზე გამოვა.
როგორც ფაცაცია ამბობს, ბოლო პერიოდში ხალხის დამოკიდებულება ბავშვიანი დედების მიმართ შეიცვალა. დღეს მისი თანამშრომლები ბავშვთან ერთად ერთ სივრცეში მუშაობას მიესალმებიან და ხელს უწყობენ კიდეც.
“სიმართლე ითქვას, იმ ასაკის ბავშვისთვის, როგორიც ჩემი შვილია, გარემო ბოლომდე ადაპტირებული, ალბათ, არსად არ არის. თუმცა, სხდომებზე ბავშვის წაყვანა მოსახერხებელია იმიტომ, რომ თუ რაიმე აუცილებლობა დგება, თანამშრომლები მზად არიან, დამეხმარონ. გარდა ამისა, ბავშვის კვებისთვის შესაძლებელია მეორე, თავისუფალ ოთახში გასვლა”, – ამბობს ფაცაცია.
მისივე თქმით, ქალაქის მერიაში ერთ-ერთ თანამშრომელს ბავშვი სამსახურში სულ დაჰყავს , ამასთანავე, ბავშვი არც მას და არც მის თანამშრომლებს პრობლემას არ უქმნის. როგორც სალომე ფაცაცია გვიყვება, ამჟამად არც მერიაში და არც საკრებულოში ბავშვებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სათამაშო სივრცე არ არის. თუმცა, ასეთი ადგილები თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“კრიტიკის საფუძველი ნამდვილად არ უნდა იყოს ბავშვის სამსახურში წაყვანა იმიტომ, რომ სტერეოტიპი, თითქოს ქალი სამზარეულოში უნდა იყოს, 21-ე საუკუნეში უკვე დაიმსხვრა და დროა, სხვა სტერეოტიპებიც შეიცვალოს. გარდა ამისა, კაცების დამოკიდებულებაც ამ თვალსაზრისით ნამდვილად შეცვლილია, რის მაგალითაც ისიც გამოდგება, რომ ჩემი თანამშრომლები დადებითი დამოკიდებულებით შემხვდენენ, პატარასთან ერთად რომ მივედი. მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვი ყოველთვის ვინმეს დავუტოვო, სხდომებიც ყოველდღე არ იმართება და ვაპირებ, ჩემს შვილთან ერთად ვიარო,” – ამბობს სალომე ფაცაცია.
სალომე ფაცაცია საქველმოქმედო ფონდ “ვაჩუქოთ მომავალის” დამფუძნებელია. ნეტგაზეთთან საუბარში ის გვიყვება, რომ დეკემბერში მან სოციალურად დაუცველი დედა-შვილი შეიფარა.
“ბავშვი ისე გავზარდე, როგორც საკუთარი შვილი. იქიდან გამომდინარე, რომ შვილი დიდი ხანი არ მყავდა, ამ პატარაზე გადავიტანე სიყვარული. საკრებულოს პარალელურად მე აფთიაქში ვმუშაობ, სადაც ის დამყავდა და არასდროს შეუქმნია ჩემთვის პრობლემა, პირიქით, აფთიაქში მოსული ადამიანები დიდი სითბოთი ხვებოდნენ მას. გარდა ამისა, ფონდის ფარგლებში მიწევდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულება და ბავშვი აქაც თან მახლდა ხოლმე. ვფიქრობ, ადამიანების დამოკიდბულება მომუშავე მშობლებისა და ბავშვების მიმართ შეცვლილია, რაც ძალიან მახარებს,” – დასძენს სალომე ფაცაცია.
როგორც სალომე ფაცაცია ამბობს, საკრებულოს შემდგომ სხდომაზე ის აუცილებლად გამოვა ინიციატივით, შეიქმნას ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები.
“ასეთი სივრცეების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არამხოლოდ საჯარო, არამედ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში ამის საჭიროება არსებობს. მაგალითად, ჩვენს საკრებულოში, კარგი იქნებოდა, თუ იარსებებდა ასეთი სივრცე, არამხოლოდ თანამშრომლებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვისაც. პირველ ეტაპზე, შეიძლება ოთახი ყველა შენობას არ ჰქონდეს, მაგრამ თუნდაც კორიდორში რაღაც პატარა კუთხის გამოყოფა, სათამაშოებით და პატარა მაგიდა-სკამებით, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ, ვთქვათ, დაწესებულება ვერ შეიძენს, ჩვენ თვითონ შეგვიძლია მივიტანოთ და ამით კომფორტი შევუქმნათ არამხოლოდ ჩვენს თავებს, არამედ სხვებსაც,” – ამბობს დეპუტატი, რომლის ჩვილი, სულ რაღაც, ერთი თვისაა.