ახალი ამბები

ომბუდსმენი: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს

21 თებერვალი, 2014 •
ომბუდსმენი: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს

“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე უკიდურესად შემაშფოთებელ მოვლენებს. ჩვენ თვალწინ ყოველდღე ფეხქვეშ ითელება ცივილიზებული სამყაროს უდიდესი მონაპოვარი – ადამიანის უფლებები. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი გარანტორი, დღეს უკრაინაში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გვევლინებიან ამ უფლებების მთავარ დამრღვევად.

 

ომბუდსმენის თქმით, მომიტინგეების მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტებით პასუხი სცდება საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. დაპირისპირების შემდგომი ესკალაციისა და პროცესების უმართავობის საფრთხე დღითიდღე იზრდება, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. საკუთარი მოქალაქეების ყველაზე წარუვალი უფლების – სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა და განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის, რომ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სასიკვდილო ძალის გამოყენებით უსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს.

 

უკრაინელი ერის ისტორიის ამ მეტად მძიმე წუთებში მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს საუკეთესო საშუალება, უთხრას არა ძალადობას, დაპირისპირებასა და ხალხის ნების თავისუფლად გამოვლენის შეზღუდვას. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და თანადგომით, უკრაინელი ხალხის შინაგანი სიმტკიცისა და გონიერების დახმარებით, სისხლისღვრა მალე შეჩერდება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული. 

 

ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპულის ოჯახს, უკრაინელ ხალხს. ვუსამძიმრებ საქართველოს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს,”- წერია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი დღეს, 21 თებერვალს ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი