“ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით შსს მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პროექტში, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და ჯანდაცვის გაუმჯობესება ციხეებში, დაკავების ადგილებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში, როგორიცაა დროებითი მოთავსების იზოლატორები და არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი”, – ნათქვამია დოკუმენტში. შსს ბავშვებზე ძალადობის ფაქტების გამოძიების სისტემის განვითარებასაც გეგმავს.
დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა. შსს–მ სხვა უწყებებთან ერთად უკვე შეიმუშავა მიგრაციული პროცესების მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები, გარდა ამისა იგეგმება არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის ელექტრონული პროგრამის ამოქმედება და მასში ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის ჩართვა.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიგრაციის კუთხით შსს–ს ინიციატივას დადებითად აფასებს:
“შეიქმნება სააგენტო, რომელიც მიგრაციის პროცესებს გააკონტროლებს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის უფლებათა სტანდარტები”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე გეგმავს გააუმჯობესოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ფუნქციონირები. გარდა ინფრასტრუქტურული მოწყობისა იგეგმება ახალი იზოლატორების მშენებლობა თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
დოკუმენტის თანახმად 2014 წელს დაგეგმილია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის სისტემის დახვეწა. როგორც სტრატეგიის წარდგენისას შსს–ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა ცვლილებები ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით ხორციელდება:
“2014 წლიდან, უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე შემოღებული იქნება პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში, რეალურ მოძრაობაში ჩაბარება. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას ქალაქში მოქმედ ავტოსკოლებთან”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მინისტრის განცხადებით ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა პოლიციის ტექნიკურ აღჭურვას და პოლიციელთა მაღალ დონეზე გადამზადებას :
“ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკლდა ჭეშმარიტად პროფესიონალიზმი”, – განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებას შეეცდება. გაუმჯობესდება სასწავლო ინფრასტრუქტურა, ასევე დაგეგმილია სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გადამუშავება “პოლიციის შესახებ” ახალი კანონის რეგულაციების შესაბამისად, იგეგმება ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაც.
“შსს გააგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაციას”, – ნათქვამია 2014 წლის სტრატეგიის დოკუმენტში.
რაც შეეხება სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობას 2014 წელს განმავლობაში დაგეგმილია ნდობის საბჭოს შექმნა, როგორც სტრატეგიის დოკუმენტშია ნათქვამი დაინერგება ონლაინ კონსულტაცია და შეიქმნება საჯაროობის სტანდარტის მონიტორინგის მექანიზმიც, რათა სამინისტროს მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს.




