“ბატონი გიუნტერ ოტინგერი წარმოშობით გერმანელია, იგი გერმანიის ერთ–ერთი მიწის პრმეიერ–მინისტრი იყო. მას ჰქონდა სურვილი, რომ ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ჩამოსვლისას გერმანიიდან ჩამოყევანა ბიზნესის წარმომადგენლების დელეგაცია და ერთად ჩაგვეტარებინა ეკონომიკური ფორუმი. მან ჩამოიყვანა 12–კაციანი, ძალიან მსხვილი კომპანიებისაგან შემადგარი დელეგაცია. ფორუმზე ბიზნესმენებს გააცნობენ საქართველოში არსებულ ვითარებას, საინვესტიციო გარემოს და შემდეგ შეახვედრებენ კომპანიებს, რომელთაც ერთმანეთთან ურთიერთობის ინტერესი გააჩნიათ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ბიზნესფორუმს ასევე ესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი რაინერ ლინდერნი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესდელეგაციაში სულ 10 კომპანიის წარმომადგენლები შედიან, მათ შორისაა “ჰაიდელბერგ ცემენტი”, “დოიჩე ბანკი” და “სიმენსი”.
“ძალიან მნიშვენლოვანია, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის ინიცირება [პარაფირება] უკვე მოხდა და ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ბიზნესი ამ ქვეყანაში შემოვიყვანოთ. გერმანია სხვადასხვა კომპანიით საქართველოში უკვე არის წარმოდგენილი, თუმცა მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს. ამ დელგეაციაში 10 კომპანია შედის. ეს კარგი სიგნალია, რათა განვიხილოთ, რა სახის ახალი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი”.
ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ, კონკრეტულად რომელ სფეროებშია შესაძლებელი, რომ გერმანული ინვესტიციები განხორციელდეს საქართველოში, იგი 5 სექტორს ასახელებს:
“მრეწველობა, რკინიგზა, მშენებლობის სექტორი, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა. ჩემი აზრით, ეს 5 სექტორი საკმაოდ იმედისმომცემია ამ თვალსაზრისით”, – უთხრა ნეტგაზეთს რაინერ ლინდერნმა.
ფორუმში ასევე მონაწილეობს გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვან ჰენიგი, რომელმაც გერმანელ ბიზნესმენებს უთხრა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყების და წარმოების პროცედურები ძალიან მარტივია. ღონისძიებაში საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ასევე ჩართულია საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი უტა ბაიერი. მისი თქმით, საქართველოს ბაზრის მიმართ გერმანული კომპანიების ინტერესი იზრდება, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს:
“წელს ეს პირველი გერმანული ბიზნესდელეგაციაა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა 2014 წლის განმავლობაში სულ 8 ასეთი დელეგაცია ჩამოვა. გასულ წელს აქ 4 ბიზნესდელეგაცია იმყოფებოდა, 2012 წელს ასევე – 4 დელეგაცია, ხოლო რაც შეეხება 2011 წელს – 0”, –აღნიშნავს უტა ბაიერი.