ახალი ამბები

ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში წარმოების შემცირებას გეგმავს

27 ივლისი, 2018 • 4523
ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში წარმოების შემცირებას გეგმავს

ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში წარმოების შემცირებას, ქარხნების და ღუმელების ეტაპობრივ დახურვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა განაცხადა.

მისი თქმით, კასპში ერთი ღუმელის გაჩერება რამდენიმე დღეში იგეგმება. კომპანიაში  წარმოების შემცირების მიზეზად ირანიდან იმპორტირებულ ცემენტს ასახელებენ. მიხაელ ჰამპელი განმარტავს, რომ დემპინგური ფასით შემოსულმა ცემენტმა მიმდინარე წლის მაისიდან მათი გაყიდვები მკვეთრად შეაცმირა.

“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ინფორმაციით, ირანში ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა საქართველოში ცემენტის ფასი საგრძნობლად შეამცირა. მიხაელ ჰამპელი აცხადებს, რომ ასეთ პირობებში ჰაიდელბერგს მათთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, რადგან ირანიდან შემოტანილი ცემენტის ფასი მათ მიერ წარმოებული ცემენტის თვითღირებულებაზე დაბალია. კომპანიის ინფორმაციით, იმპორტირებული ცემენტი მათ წარმოებულზე 25-35%-ით დაბალია. 

“ჰაიდელბერგცემენტის” თანახმად, ირანული ცემენტის დაბალ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, ირანი სუბსიდირებას  უწევს საექსპორტი საქონელს, რაც საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის ფასსზე აისახება. კომპანიის თანახმად, ირანელი იმპორტიორები ბიზნესიდან მოგების მიღებაზე მეტად მყარ ვალუტაზე წვდომით (აშშ დოლარი) არიან დაინტერესებულნი. 

“მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოც კი ვერ იქნება ამ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი. თუ ეს პრაქტიკა არ შეჩერდება, საქართველოში ცემენტის ინდუდტრია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რასაც ასევე მიჰყვება ნახშირის ინდუტრია და სხვა ყველა ბიზნესი, რომელიც ამ სფეროსთან არის დაკავშირებული,”-აცხადებენ კომპანიაში.

“ჰაიდელბერგცემენტის” ცნობით, კომპანია ტყიბულის ქვანახშირის მნიშვნელოვანი მომხმარებელია და ტყიბულის ქვანახშირის მთლიანი წარმოების 90%-ს “ჰაიდელბერგცემენტი” ყიდულობს. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანია წარმოებას შეამცირებს და ღუმელს გააჩერებს, ისინი იძულებული იქნებიან ტყიბულიდან უფრო ცოტა ქვანახშრი შეიძინონ.

კომპანიის რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორის, ირაკლი მახარობლიძის განცხადებით, 2014 წლამდე “ჰაიდებერგიცემენტი” ექსპორტს ახორციელებდა რეგიონის ქვეყნებში, თუმცა 2014 წლიდან, სავაჭრო ბარიერების გამო, პროდუქცია ექსპორტზე საერთოდ ვეღარ გააქვს.

ირაკლი მახარობლიძე განმარტავს, რომ ექსპორტის შეწყვეტის პარალელურად, ბოლო ორი წელია კომპანიას რეგიონის ქვეყნებიდან დემპინგური ფასებით შემოსულ პროდუქტთან კონკურენცია უწევს, ამას 2018 წლის მაისიდან ირანიდან ცემენტის იმპორტი დაემატა.

“ირანს ცემენტის ძალიან დიდი ინდუსტრია აქვს. ის მსოფლიოში ცემენტის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი ქვეყანაა. ირანი ხშირად ასუბსიდირებს საექსპორტო პროდუქციას. სუბსიდიები ეხება როგორც ტრანსპორტს, ასევე ენერგომატარებლებს, რაც ძირითადი დანახარჯია ცემენტის ინდუსტრიაში. შესაბამისად, მათ აქვთ საშუალება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად შემოიტანონ პროდუქცია საქართველოში. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ჩვენ კიდევ მოგვიწევს ქარხნების დახურვა. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან კონკურენციას აზრი არ აქვს, რადგან კომპანია ფიზიკურად გაკოტრდება,”-ამბობს ირაკლი მახარობლიძე.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედ სხვა ცემენტის კომპანიებს, “ჰაიდელბერგცემენტის” მარკეტინგის დირექტორი განმარტავს, რომ ეს კომპანიები ძირითადად კლინკერს ყიდულობენ, რისი გადამუშავების შემდეგ უკვე ცემენტს ჰყიდიან.

“საქართველოში დაახლოებით 30 ცემენტის წისქვილია, რომლებიც კლინკერს ყიდულობენ. “ჰაიდელბერგცემენტი” ერთადერთი კლინკერის მწარმოებელი კომპანიაა. ანუ ცემენტის წარმოების სრულ ციკლს ვახორციელებთ. ეს პრობლემა სხვა ქართულ კომპანიებსაც აქვთ, თუმცა მათ შეუძლიათ გამოსავალი ნახონ და დემპინგურ ფასად შემოტანილი კლინკერი შეიძინონ. შესაბამიასდ, მათ აქვთ შესაძლებლობა საბოლოო პროდუქცია უფრო იაფად გაყიდონ. ცემენტის წარმოების ძირითადი დანახარჯი და საწარმოო პროცესი ღუმელებში და კარიერზე კირქვის მოპოვებაში მდგომარეობს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ცემენტის ინდუსტრიის ეს ნაწილი მოკვდება. შედეგად, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება,”-ამბობს მახარობლიძე. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად კომპანიაში 1300 თანამშრომელია დასაქმებული.

კითხვაზე, თუ პრობლემა არ მოგვარდა, დატოვებს თუ არა ჰაიდელბერგი ქართულ ბაზარს, ირაკლი მახარობლიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ კითხვასპასუხს ვერ გასცემს.

“ჰაიდელბერგცემენტში” აცხადებენ, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ კლინკერის წარმოებისთვის განკუთვნილი 5 ღუმლიდან ერთი გააჩერა. კლინკერის შემცირებული წარმოება კირქვის გამოყენების შემცირებას იწვევს, ამიტომ კომპანიამ დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე მომუშავე პერსონალის ნაწილი სამსახურიდან გაუშვა. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, რამდენი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან ბოლო პერიოდში შექმნილი პრობლემების გამო და რამდენ თანამშრომელს მოუწევს სამსახურის დატოვება მას შემდეგ, რაც კომპანია კასპში ღუმელს გააჩერებს, “ჰაიდელბერგცემენტში” გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. 

რას მოელის კომპანია მთავრობისგან

“ჰაიდელბერგცემენტის” ინფორმაციით, მთავრობის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ. ირაკლი მახარობლიძის თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ქართულ კომპანიებსაც ჰქონდეთ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის საშუალება, ისევე როგორც მათ შემოაქვთ საკუთარი პროდუქცია საქართველოში. ამასთანავე, სახელმწიფო დემპინგის საკითხს ყურადღება უნდა მიაქცეს.

“5-6 წელია კავკასიის რეგიონში ვაჭრობის პრობლემა არის. რაც გამოიხატება იმაშ,ი რომ საქართველოში ექსპორტს რეგიონის ქვეყნები უპრობლემოდ ახორციელებენ, ხოლო ცემენტის ინდუსტრიის კომპანიებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში გაიტანონ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება გამოსავალს ნახავს,” – აცხადებს მიხაელ ჰამპელი.

რატომ შემოაქვთ ირანულ კომპანიებს საქართველოში ცემენტი

“ჰაიდელბერგცემენტის” ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ირანული კლინკერს (საცემენტე ნედლეული) იმპორტის გადასახადი დაუწესა (ტონაზე 70 აშშ დოლარი), ამას დაემატა სხვა ქვეყნებში ირანული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები, ამის შემდეგ ირანისთვის საქართველოს ბაზარი მნიშვნელოვანი გახდა.

BM.ge-თან საუბრისას, ირან-საქართველოს სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი რაჰიმ აბაჩი ირანიდან იმპორტირებული ცემენტის დაბალ ფასს ირანის ეროვნული ვალუტის დოლართან გაუფასურებას უკავშირებს.

“ირანში დოლარი ძალიან გაძვირებულია. მარტის შემდეგ ირანში დოლარი ყოველდღიურად ძვირდება. ბუნებრივია, იმ პირობებში, როცა ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია და ცემენტი საქართველოში შემოდის, ამის გამო იმპორტიორები აქ ცემენტს დაბალ ფასად ჰყიდიან,”-აცხადებს რაჰიმ აბაჩი.

ჰაიდელბერგცემენტის საკითხზე კომენტარი ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემაც გააკეთა. “კომპანიის შეშფოთება ირანიდან ცემენტის იმპორტის ზრდის მაჩვენებელს უკავშირდება. ჩვენი მონაცემებით, ირანიდან ბოლო თვეებში ცემენტის დიდი მოცულობის შემოსვლა არ ფიქსირდება. შესაბამისად, მას ბაზარზე დიდი გავლენის მოხდენა არ შეეძლო. რაც შეეხება დემპინგის საკითხს, დემპინგი არსებობს თუ არა ბაზარზე, ამის ზეპირი შეფასება შეუძლებელია,”-ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ჰიდელბერცემენტი 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ჰაიდელერგცემენტი მართავს კასპსა და რუსთავში ცემენტის ქარხნებს, ხოლო  ფოთში ცემენტის წისქვილს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი