ახალი ამბები

უკრაინაში შეტაკებები გრძელდება [განახლებადი/LIVE]

20 თებერვალი, 2014 • • 1765
უკრაინაში შეტაკებები გრძელდება [განახლებადი/LIVE]

23:10 – კიევის მოსახლეობა მასობრივად ყიდულობს საკვებ და პირველადი მოხმარების პროდუქტებს. რის გამოც სუპერმარკეტებში თაროები დაცარიელებულია – Focus.ua


 


23:00 – უნიანის ცნობით, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ძალადობის გამო პასუხისმგებელ პირებს სავიზო სანქციები დაუწესდებათ. ასევე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროპულ ლიცენზირებულ კომპანიებს ეკრძალებათ უკრაინის ხელისუფლებისათვის იარაღის მიყიდვა.



22:46 – რია ნოვოსტის ცნობით, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე  ვადამდელი არჩევნების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

22:30 – რადიო თავისუფლება მაიდნის ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღეს შეტაკებების შედეგად 70–100 დემონსტრანტი დაიღუპა და 500–ზე მეტი დაიჭრა.

 

 

 

22:12 – ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სატაელფონო საუბრის დროს ვიქტორ იანუკოვიჩმა პუტინს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. პესკოვმა ამ ცნობას დზინფორმაცია უწოდა, რომელსაც მისი თქმით, იანუკოვიჩის ოპონენტები მიმდინარე საინფორმაციო ომში იყენებენ.

 

22:00 – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უარყოფენ უკრაინულ ონლაინმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ოჯახმა უკრაინის ტერიტორია დატოვა – რია ნოვოსტი.

 

20:45 – უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდნენ და იბრძოლონ მისი თანამდებობიდან გადაყენებისათვის. ტიმოშენკოს პოზიცია საზოგადოებას მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა ალექსანდრე კუჟელმა გააცნო.

 

 

20:30 – ევრონიუსი ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ფარებით შეიარაღებულ დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან.

 

 

 

20:00 – დღეს, 20 თებერვალს მაიდანზე 22 წლის ჟურნალისტი იგორ კოსტენკო მოკლეს. სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, იგი sportanalytic.com–ში მუშაობდა. 

 

 

 

 

19:30 – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტახლი ზახარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას ანიჭებს. უკრაინული და რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შს მინისტრის ზემოხსენებული გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტი უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

 

19:00 – უკრაინის ოპოზიციური პარტის სვობოდას პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სპეცნაზმა 60–ზე მეტი დემონსტრანტი მოკლა. ამ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ გამოხმარებია.

 

19:00 – უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევრომაიდნის აქტივისტებმა 70–მდე “ბერკუტელი” ტყვედ აიყვანეს – იუწყება სააგენტო “უნიანი”. ამასთან შსს აცხადებს, რომ ზემოხსენებული პირების გათავისუფლების მიზნით, სამართალდამცველებს უფლება აქვთ გამოიყენონ კანონით დაშვებული ყველა საშუალება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი.


18:06 – საგანგებო სესია უკრაინის უმაღლეს რადაში დაიწყო.


17:53 – უკრაინის უმაღლეს რადაში სხვადასხვა ფრაქციების დეპუტატები იკრიბებიან. უკრაინის მედიის ცნობით, დეპუტატები იკრიბებიან, რათა მიიღონ გადაწყვეტილება, რაც აუცილებელია სახელმწიფოს გადასარჩენად.


17:37 – უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პოლონეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან კიევში მიმდინარე შეხვედრის დროს საუბარი შეწყვიტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო. ამ ინფორმაციას unian.net-ის პოლონურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.


16:08 – წინააღმდეგობის ეროვნული შტაბის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კიევში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გაითიშება ინტერნეტი და მობილური კავშირი.


14:32 – უკრაინის მედია იუწყება, რომ დღეს კიევში შესაძლოა ავტოგასამართი სადგურები დაიხუროს, რათა მაიდანზე შეკრებილმა აქტივისტებმა ვეღარ მოახერხონ საწვავის ყიდვა.


14:28 – მაიდანთან მდებარე სასტუმრო “უკრაინაში” უკვე 13 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია მიტანილი, ინფორმაციას ამის თაობაზე ექიმი ოლგა ბოგომოლეცი ავრცელებს ფეისბუქის საშუალებით.


13:19 – “ჩინოვნიკები პანიკაში არიან” – ეს პოსტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გამოაქვეყნა ტვიტერზე. მისი ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიქტორ იანუკოვიჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უნდა გამართულიყო, სხვა ადგილას გადაიტანეს. 

 

“შავი კვამლი, აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის პრეზიდეტნტის სასახლესთან”, – წერს სიკორსკი.

 

11:53 – უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანი კიდევ 5 მომიტინგის დაღუპვის შესახებ იუწყება. სააგენტო წერს, რომ ტელერახმა ესპრესომ 5 ადამიანის ცხედარი აჩვენა, რომლებიც ოპერატორმა მაიდანზე ერთ–ერთი კაფის საიხლოვეს დააფიქსირა. დილის 6 საათისთვის დაღუპულთა რაოდენობა 28 ადამიანს შეადგენდა.

 

Reuters–ის ინფორმაციით დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი, ამის დასადასტურებლად Reuters ფოტოს აქვეყნებს.

Photo: Reuters
Photo: Reuters

 

გამოცემა UNIAN–ის ცნობით მაიდანზე დაიჭრა ბერკუტის 23 წევრი, ხოლო სხვადასხვა ტერიტორიაზე დაჭრილი მოქალაქეების მიხაილოვსკის მოედანზე მიყავთ, სადაც რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.

 

UNIAN-ისვე ცნობით მაიდანზე 30 000 ადამიანი იმყოფება.

 

ქალაქში კვლავ არ მუშაობს მეტროპოლიტენი:

“ტერორისტული აქტების საფრთხის გამო კვლავ შეჩერებულია მეტროპოლიტენის მუშაობა. სხვა სახის ტრანსპორტი ქალაქში საგანგებო რეჟიმში მუშაობს”, – ნათქვამია კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 20 თებერვლის დილის 6 საათისთვის დაღუპულთა რიცხვი 28 ადამიანს  შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი