ემანუელ მაკრონის პირველი სერიოზული კრიზისი პრეზიდენტობის 14 თვისთავზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი პირადი დაცვის წევრთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ დუმილი დაარღვია. The Guardian-ის ცნობით, მაკრონი მიიჩნევს, რომ მაისში გამართულ დემონსტრაციაზე მომხდარი ინციდენტი მისი ბრალია. საქმე ეხება მაკრონის პირადი დაცვის, ალექსანდრე ბენალას ქცევას, რომელმაც აქციის ორ მონაწილეზე პოლიციის ფორმაში გადაცმულმა იძალადა.

გამოცემა მიიჩნევს, რომ დაცვასთან დაკავშირებული სკანდალი ყველაზე დიდი კრიზისია, რაც მაკრონის წინაშე დადგა მისი არჩევიდან 14 თვის განმავლობაში.

მაკრონმა იმ ჭორების შესახებაც იხუმრა, რომელიც მომხდარის შემდეგ გავრცელდა:

“ალექსანდრე ბენალას არასდროს სცოდნია ბირთვული კოდები, ის არც მდიდრულ სახლში ცხოვროდა და არც 10 000 ევროს გამოიმუშავებდა, ის არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი”, – მაკრონის ამ განცხადებას დარბაზიდან მისი თანაპარტიელების სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა.

“ალექსანდრე ბენალა ჩვენ გვერდით იყო საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ის განსაკუთრებულად იყო ჩართული კამპანიაში და თავდადებითაც გამოირჩეოდა. მე არასდროს დამავიწყდება ის დახმარება, რომელსაც მიწევდა იმ პერიოდში”,- განაგრძო მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 1 მაისს მომხდარი ინციდენტი “სერიოზული შემთხვევაა … და მას იმედი გაუცრუა ამ ღალატმა”.

ალექსანდრე ბენალა მაკრონის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, მას ჯგუფურ ძალადობასა და პოლიციელის კამუფლიაჟის გამოყენებაში ადანაშაულებენ, მას შემდეგ, რაც მაისში გამართულ აქციაზე ორ აქტივისტს თავს დაესხა. ბენალას ჰქონდა უფლება, ადგილზე ყოფილიყო, თუმცა, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით.

ელისეს სასახლემ მომხდარის შესახებ შეიტყო, თუმცა 2 თვის განმავლობაში დუმდა, ბენალას მხოლოდ 2 კვირით შეუჩერეს უფლებამოსილება და დაკითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც გაზეთმა “ლე მონდმა” გამოაქვეყნა ვიდეო. გამოძიება გასულ კვირას ოფიციალურად დაიწყო და მას შემდეგ, რაც კრიზისი გაძლიერდა, ბენალა დაითხოვეს.

“გარდიანის” ცნობით, მაკრონისადმი წნეხი იზრდება, მას უწევს იმის ახსნა, თუ რატომ მალავდა მისი ადმინისტრაცია ბენალას შესახებ ცნობებს, რაზეც მაკრონი ამბობს:

“როგორც კი ჩემმა ადმინისტრაციამ ამის შესახებ შეიტყო, მიიღო ზომები მის დასასჯელად და ეს სასჯელი იყო პროპორციული. თუ ვინმეა რამეზე პასუხისმგებელი, მხოლოდ მე. ვინ ენდო ბენალას? მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვიცოდი ამის შესახებ და მე დავეთანხმე მის დასჯას”, – “გარდიანის” ცნობით, მაკრონის ამ გამოსვლას ასევე ტაში და ოვაციები მოჰყვა.

ცნობები იმის შესახებ, რომ ბენალამ საფრანგეთის ბირთვული კოდების შესახებ იცოდა, ბელგიურმა სატირულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა მართალი არ იყო, ამის შესახებ მაინც დატვიტეს მაკრონის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუმცა მოგვიანებით ტვიტები წაშალეს.

“გარდიანის” ცნობით, ოპოზიციამ ასევე გამოიყენა ყალბი გვერდის მიერ გავრცელებული ცნობები, სადაც ეწერა, რომ “ბენალა და მაკრონი ერთმანეთისთვის უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე მეგობრები”. ეს გვერდი “ლე მონდის” სტატიის ფორმის იყო, თუმცა ყალბი აღმოჩნდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნადინო მორანომ გადატვიტა აღნიშნული გვერდი შემდეგი წარწერით – “ვოილა, ამიტომაა ბენალა ასეთი პრივილეგირებული”.

ადვოკატი ამბობს, რომ ბენალა დემონსტრაციაში ჩარევას ლეგიტიმურად მიიჩნევს და “ის ეხმარებოდა პოლიციელს, რომ პრობლემის შემქმნელი ორი აგრესიული პირი გაენეიტრალებინა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com