რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნაჩუქარ ფეხბურთის ბურთს შესაძლოა გადამცემი ჩიპი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის საჩუქარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ფეხბურთის ბურთში შესაძლოა მოსასმენი ყოფილიყო ჩამონტაჟებული. აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრაჰამმა ტვიტერზე დაწერა კიდეც, რომ დონალდ ტრამპის ადგილზე ნაჩუქარს ბურთს კარგად შეამოწმებდა და ამის მიუხედავად თეთრ სახლში არასდროს შეიტანდა.
Bloomebrg-ის ინფორმაციით, შესაძლოა არ ცდებიან ადამიანები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ფოტოგრაფებმა, რომლებიც ჰელსინკიში იმყოფებოდნენ, დააფიქსირეს, რომ ბურთს საკომუნიკაციო ლოგო ჰქონდა. Adidas-ის ინფორმაციით, ჩიპი ბურთს ლოგოს ქვეშ აქვს, გარედან კი ბურთზე wifi-ის მსგავსი სიმბოლოა გამოსახული. ჩიპს პატარა ანტენაც აქვს, რითაც მას ტელეფონთან დაკავშირება შეუძლია. ჩიპი საშუალებას იძლევა ადამიანებმა უყურონ ვიდეობს, შეჯიბრებებს, ამისთვის კი საკუთარი ტელეფონები ბურთთან ახლოს უნდა მიიტანონ. Adidas-მა მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც შექმნა მსგავისი ბურთები და მისი შეძენა კომპანიის საიტზე 165 დოლარად იყო შესაძლებელი.
Adidas-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიპი განთავსებული ბურთის NFC ლოგოს ქვეშ, რომელიც wifi-ის სიმბოლოს მსგავია. ბურთის ქვეშ განთავსებულ მოწყობილობასთან დაკავშირება ანდროიდითა და აიფონითაც არის შესაძლებელი. მოწყობილობასთან დასაკავშირებლად Adidas-ის აპლიკაციის გადმოწერა საჭირო არ არის. ინსტრუქციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბურთის ქვეშ დამონტაჟებულ მოწყობილობას დაუკავშირდები, საკუთარ ტელეფონში შეგიძლია ნახო კომპანიის შესახებ ინფორმაცია, საფეხბურთო შეჯიბრებები და ა.შ.
Adidas ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, აქედან გამომდინარე უცნობია, რამდენად დაცულია მათ მიერ შექმნილი ჩიპიანი ბურთი. თეთრის სახლის პრესსპიკერის განცხადებით, პუტინის მიერ ნაჩუქარმა Adidas-ის ბურთმაც, სხვა საჩუქრების მსგავსად, უსაფრთხოებაზე შემოწმების პროცედურები გაიარა. “შემოწმების პროცედურებზე დეტალური კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ,”-აცხადებენ თეთრ სახლში.