ახალი ამბები

4 მიგრანტი საქართველოდან გერმანიის თავშესაფარში დაპირისპირების შედეგად დაშავდა

25 ივლისი, 2018 • 2151
4 მიგრანტი საქართველოდან გერმანიის თავშესაფარში დაპირისპირების შედეგად დაშავდა

გერმანიის სასაზღვრო ქალაქ აიზენჰუთენშტადის თავშესაფარში ქართველებსა და აფრიკელ მიგრანტებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადავ მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.

გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა ლევან დიასამიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაშავებული ქართველებიდან სამი საავადმყოფოდან გაწერეს, ერთი კი კვლავ რჩება საავადმყოფოში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დესპანმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი ქართველი მიგრანტის დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

გერმანული მედიის, rbb24.de-ს ცნობით, პოლიციის სპიკერმა შტეფან მოვადმა მათ განუცხადა, რომ 22 ივლისს მიმღებ თავშესაფარში მასობრივი დაპირისპირება მოხდა ქართველ და სუდანელ მიგრანტს შორის, რომელშიც მათი სხვა მხარდამჭერებიც ჩაერთნენ.  დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

ამის შემდეგ 20 აფრიკელი მიგრანტი თავს დაესხა 29 წლის ქართველ მიგრანტსა და მის მხარდამჭერებს. 4 ქართველი დაშავდა. დაპირისპირებულები თავს დაესხნენ ადგილზე მისულ პოლიციასაც.

პოლიციის სპიკერის ცნობით, 8 ადამიანი კენიიდან, ჩადიდან და სუდანიდან დროებით დააკავეს. დაკავებულების ასაკი 18–დან 29 წლამდე მერყეობს.

berliner-kurier.de–ს ცნობით, ადგილზე მისულმა პოლიციამ 55 საგანი პოვა, რომლებსაც სავარაუდოდ ჩხუბში მონაწილეები იყენებდნენ, მათ შორისაა დანა, საწოლის კარკასი და ცოცხები. “ბერლინერ კურიერის” ცნობით, საავადმყოფოში 5 ადამიანია გადაყვანილი, აქედან 4 ქართველია, ერთი კი- სუდანელი. აიზენჰუთენშტადის თავშესაფარი არის დროებითი დაწესებულება, საიდანაც მიგრანტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ნაწილდებიან.

lr-online.de იუწყება, რომ პოლიციის განმარტებით, თავშესაფარში კონფლიქტები არაა იშვიათი, თუმცა ეს იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც დაზიანდა თავშესაფრის შენობა, ჩამსხვრეულია მინები.

მასალების გადაბეჭდვის წესი