ახალი ამბები

ივანიშვილი: კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის კვლევას მიმალავდნენ

24 ივლისი, 2018 •
ივანიშვილი: კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის კვლევას მიმალავდნენ

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც გიორგი კვირიკაშვილს 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა, ჭარბვალიანობის პრობლემა იყო. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ისაუბრა “პირველ არხზე”, გადაცემაში “აქტუალურ თემა”.

ივანიშვილის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ასევე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭარბვალიანობის შესახებ სავალუტო ფონდის კვლევა “დამალეს”, რომელიც ჭარბვალიანობაში ბანკების როლთან დაკავშირებით მის მოსაზრებას ემთხვეოდა.

“მე პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის, ეს არის არანორმალური. ამ ფონზე, რომ ჩვენი ორი ბანკი, “საქართველოს ბანკი” და “თი ბი სი ბანკი”, მსოფლიოში პირველები არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს ეს…

მაგრამ, ამავდროულად, მეორე მხრიდან როდესაც ვხედავთ, რომ ჭარბვალიანობის[მხრივ] საქართველო ისევ პირველ თუ ბოლო ადგილზე დგას, როგორც გინდათ, შეაფასეთ… საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი.

რა თქმა უნდა, ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ. არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ. პირიქით, აუცილებელი სტრუქტურებია და ჩვენ მათ დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზაობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოორდინაცია მთავრობის მოვალეობაა. ეს უნდა მომხდარიყო დროულად.

სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ეს და, ამავდროულად, მე იქ გავიგე, რომ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ, მიუხედავად ჩემი ყოველთვიური შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი.

მალავდნენ კვლევას, თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდეგ მე განვაცხადე, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება-მეთქი”, – თქვა ივანიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ვინ მალავდა კვლევას, ივანიშვილმა თქვა, რომ ამას კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი აკეთებდნენ:

“კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ქუმსიშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოვაქვეყნო. რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი