ახალი ამბები

ოქტომბრიდან ქალაქში უკვე ლიცენზირებული ტაქსები ივლიან – მერია

24 ივლისი, 2018 • 1542
ოქტომბრიდან ქალაქში უკვე ლიცენზირებული ტაქსები ივლიან – მერია

2018 წლის აგვისტოდან ტაქსებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი დაიწყება. თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ქალაქში უკვე ლიცენზირებული ტაქსები ივლიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. მერიაში განმარტავენ, რომ ტაქსების რეგულირების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

დღეს, 24 ივლისს თბილისის მერიამ ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და მერიის განცხადებით, მისი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს.

მერიის ცნობით, 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები.

2021 წლამდე მოეწყობა ავტობუსის ზოლები რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე; 2019-2021 წლებში მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი