ახალი ამბები

მერია მომდევნო სამ წელიწადში მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

24 ივლისი, 2018 • 1471
მერია მომდევნო სამ წელიწადში მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

თბილისის ვიც-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019-2021 წლებში თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება. ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირების პარალელურად, მერია მეტროს ვაგონებისა და ავტობუსების დამატებას გეგმავს.
„დღეს დედაქალაქს დაახლოებით, 2 000 ერთეული მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის საფუძველზე, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მიკროავტობუსები შესაძლებელია მხოლოდ ისეთ არეალებში დარჩეს, სადაც გაბარიტებიდან გამომდინარე, უფრო დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცემერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მეტროს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო 3 წელიწადში თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდაა.  მერიის ინფორმაციით, დღეს თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული.
„დღეს მეტროს 43 შემადგენლობა ემსახურება და ჩვენი მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს დაემატოს კიდევ 12 შემადგენლობა. ამით ჩვენ შევძლებთ შევამციროთ გაჩერებებზე მოლოდინის რეჟიმი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ავტობუსების განვითარებასთან ერთად, იმისთვის, რომ გავაჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კიდევ უფრო დიდი სტიმული და შევამციროთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი