ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი ნინო ჯანგირაშვილის თავის გატეხვის სურვილს გამოთქვამს

20 ივლისი, 2018 • 4653
თბილისის საკრებულოს თანამშრომელი ნინო ჯანგირაშვილის თავის გატეხვის სურვილს გამოთქვამს

“თავიც რომ გაუტეხონ და ცოტა ხნით ეთერებშიც ვერ ვნახოთ თავისი ბოტოქსებით, ურიგო არ იქნება…” – ეს კომენტარი ფეისბუკზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდვინოს უფროსმა, მამუკა ბალიაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის შესახებ დაწერა.

ჟურნალისტმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ტელეწამყვანს 10 მცდელობის შემდეგ პაროლი გაუტეხეს და ფეისბუკით სარგებლობა არ შეეძლო. საჯარო მოხელემ, რომელიც ამავდროულად ქართული ოცნების პარტაქტივისტია, სწორედ ლიკას პოსტზე გამოთქვა ნინო ჯანგირაშვილის თავის გატეხვის სურვილი.

მამუკა ბალიაშვილის სურვილები ნინო ჯანგირაშვილზე

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი მმართველ პარტიას და თბილისის საკრებულოს მოუწოდებს, გაემიჯნონ მამუკა ბალიაშვილს და გაათავისუფლონ თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ნინო ჯანგირაშვილი წერს, საჯარო მოხელის მიერ მისი თავის გატეხვის სურვილის შესახებ დაწერილ კომენტარს “ქართული ოცნების” ოფიციალურ პოზიციად ჩათვლის:

“არასოდეს ვრეაგირებ საჯარო სივრცეში ჩემს ლანძღვაზე, რაც არ უნდა უწმაწური, უსამართლო და თუნდაც ფიზიკური ანგარიშწორებისკენ მოწოდების შემცველი იყოს. არც ამაზე მექნებოდა რეაქცია, რომ არა ერთი გარემოება: ეს ტიპი[მამუკა ბალიაშვილი]  თბილისის საკრებულოს ოფიციალური ჩინოვნიკია – სახელდების კომისიის სამდივნოს უფროსი.

მამუკა ბალიაშვილის დარიცხული ხელფასია 2800 ლარი, ხელზე ასაღები – 2240 ლარი. ამ ხელფასს იღებს ჩემს მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან. მისი საიდენტიფიკაციო ნომერია 41 – დიდი სიამაყით აქვს გამოფენილი 41-ნომრიანი ფოტოები. ანუ, პარალელურად ქართული ოცნების პარტაქტივია.

ხოდა, ქართულო ოცნებავ და საკრებულოვ, ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, მოხსენით თანამდებობიდან და გაუშვით პარტიიდან, ან ჩავთვლი, რომ ეს თქვენი ოფიციალური პოზიციაა.”

თბილისის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ მამუკა ბალიაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარესა და აპარატის ხელმძღვანელს. ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსმა დაარღვია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 44-ე მუხლი.

როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, გარდა იმისა, რომ მამუკა ბალიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ჯანგირაშვილს, მან საჯარო სივრცეში წაახალისა და მოიწონა ძალადობა, რის გამოც დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვონ თანამდებობიდან:

საჯარო მოხელეები უნდა დაკავდნენ იმ საქმით, რის გამოც არიან დაქირავებული და არ შეასრულონ ე.წ. ბოტების ფუნქცია ფეისბუკზე.”

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიის თავმჯდომარეს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც არის მამუკა ბალიაშვილი. თინათინ ნიბლოშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია და ემიჯნება შეურაცხმყოფელ განცხადებებს, თუმცა ამ ეტაპზე არ იცის, გაათავისუფლებენ თუ არა მამუკა ბალიაშვილს სამსახურიდან.

“მამუკა ბალიაშვილის არის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსი, რომელიც კარგად ართმევს თავს მის სამსახურეობრივ მოვალეობებს და არის კარგი თანამშრომელი, თუმცა მისი პირადი სივრცე სოციალურ ქსელში არის მისი პირადული, მაგრამ მიუღებელია თუნდაც სოციალურ ქსელში მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება ჩემთვის”, – ამბობს თინათინ ნიბლოშვილი.

როგორც ნიბლოშვილი ამბობს, თბილისის საკრებულო იხელმძღვანელებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით  და იმსჯელებს მამუკა ბალიაშვილის საკითხზე:

“კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ შემთხვევაში პასუხს ვერ გაგცემთ ჯერჯერობით. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით იმოქმედებს საკრებულო აუცილებლად, თუმცა მეტის დაკონკრეტების საშუალება არ მაქვს და ვერ გიპასუხებთ.”

თინათინ ნიბლოშვილი ამბობს, რომ გუშინაც და დღესაც ჰქონდა კომისიის სამდივნოს უფროსთან კომუნიკაცია, თუმცა მამუკა ბალიაშვილის პოზიცია არ იცის ამ საკითხზე. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მან არც ის იცის, აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას ბალიაშვილი.

თავად მამუკა ბალიაშვილი მედიისთვის მეორე დღეა მიუწვდომელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი