სუბარის განცხადებით, გამოძიება გასცემს ყველა კითხვას პასუხს.
“ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ იქ, გარეთ, და აურზაურს ქმნიდნენ, მაგრამ გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გარეთ კანონი დაარღვია, მაგალითად, ავტომანქანებს და სასწრაფოებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა ან ციხეში შეჭრას ცდილობდა, პასუხის გაცემა მოუწევს გამოძიების კითხვებისთვის. როდესაც ავადმყოფი ადამიანი გადის გარეთ და შენ გზას კეტავ, ეს არის დანაშაული და ყველამ უნდა შეიგნოს,” – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
მისივე თქმით, გამოძიება ასევე დაინტერესდება აღნიშნულ პროცესში იმ ადამიანების, კერძოდ, ციხის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, “აქეზებდნენ” პატიმრების ოჯახის წევრებს.
გეგუთის ციხეში 800-მდე პატიმარი შიმშილობდა. სამინისტროს ცნობით, მათ მიიყენეს თვითდაზიანებები, რის გამოც რამდენიმე მსჯავრდებულს დაჭირდა ციხის გარეთ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა სამედიცინო დახმარებისთვის. მსჯავრდებულები ციხის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვდნენ, ციხის გარეთ საპროტესტო აქციებს მართავდნენ პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები.







