საქართველომ პაციენტის სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვა – სტრასბურგის გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია თავისი მოქალაქის, 25 წლის გიორგი ბოლქვაძის სიცოცხლის უფლება, რომელიც 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლომ გადაწყვეტილება პაციენტის გარდაცვალების საქმეზე 14 წლის შემდეგ, 2018 წლის 19 ივლისს გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება, რადგან სახელმწიფომ მოქალაქეს ვერ შესთავაზა ეფექტურად მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდებოდა პაციენტის სიცოცხლის დაცვა. ასევე, სასამართლომ დარღვევა დაადინა მეორე მუხლის პროცედურულ ნაწილში, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომპენსაციას სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად.

საქმის მასალების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წლების წინ მიმართა 1950 წელს დაბადებულმა გულნარა სარიშვილმა, რომლის შვილიც, გიორგი ბოლქვაძე 2004 წლის თებერვალში ბათუმში, ამწეს ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და რომელსაც დაუზიანდა თავის ქალა. ის დაუყონებლივ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში და დაიწყეს როგორც მისი დაზიანებული თავის ქალის, ისე მუცლის ღრუს შიდა სისხლდენის მკურნალობა. პაციენტი მარტში გადაიყვანეს პალატაში, სადაც მას კვლავ ჰქონდა სისხლდენა მუცლის ღრუში და ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ბოლქვაძე 2004 წილის 14 მარტს გარდაიცვალა, სამართალდამცავმა ორგანოებმა კი გამოძიება იმავე წლის ივნისში დაიწყეს. ექსპერტები საუბრობდნენ, რომ ბოლქვაძის მკურნალობისას დაშვებული იყო შეცდომები. თუმცა გამოძიება 2004 წლის აგვისტოში კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა, მაგრამ ხელახლა დაიწყო 2006 წელს. 2008 წელს გამოძიება ისევ დაიხურა. გარდაცვლილის ოჯახს უარს ეუბნებოდნენ გიორგი ბოლქვაძის გვამის ექსჰუმაციაზე. ოჯახს სურდა ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა პროკურორებმა მათ უთხრეს, რომ ამ საშუალებით შეუძლებელი იქნებოდა იმ მიზეზის დადგენა, თუ რა კავშირი ჰქონდა სამედიცინო შეცდომას სიკვდილთან.

საქმის მასალების მიხედვით, ამავე დროს, საავადმყოფომ სამსახურიდან გაათავისუფლა ნეიროქირურგი, ერთი ქირურგი, რეანიმაციული განყოფილების ორი თანამშრომელი კი გააფრთხილა.

გარდაცვლილი ბოლქვაძის დედამ ჰოსპიტლისა და ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დაიწყო სამოქალაქო დავა სამედიცინო გულგრილობის საფუძვლით. კონკრეტულად, გულნარა სარიშვილი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ექიმებმა მუცლის ღრუში დაწყებულ სისხლდენას ადეკვატურად ვერ უმკურნალეს.

როგორც ევროსასამართლო აცხადებს, ადგილობრივმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ექიმებმა გიორგი ბოლქვაძის მკურნალობისას დაუშვეს შეცდომა, ზოგ ექიმს კი არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. გარდა ამისა, თავად საავადმყოფო ნებართვის გარეშე ატარებდა გარკვეულ სამედიცინო პროცედურებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გულნარა სარიშვილს მატერიალური ზიანისთვის უნდა მიეღო 2 700 ევროს ეკვივალენტი ლარში, თუმცა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სამედიცინო გულგრილობის შედეგად დაიღუპება.

უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლქვაძის ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, რის გამოც 2008 წელს სტრასბურგს მიმართა.

საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება და ვერ დაიცვა პაციენტი, რითაც დაარღვია პაციენტის სიცოცხლის უფლება. ასევე, სახელმწიფომ გარდაცვლილის ოჯახს არ მისცა საშუალება, სამართლებრივი გზით ებრძოლა არამატერიალური ზიანის მისაღებად.

გულნარა სარიშვილს ევროსასამართლოში გაგზავნილი სარჩელით კომპენსაცია არ მოუთხოვია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას აძლევს საშუალებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელახლა დაიწყოს სამოქალაქო დავა საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.