ახალი ამბები

რამდენს ხარჯავს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო სასტუმროებსა და რესტორნებში

12 თებერვალი, 2014 •
რამდენს ხარჯავს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო სასტუმროებსა და რესტორნებში

“წარმომადგენლობითი ხარჯების გაზრდა 2014 წლისთვის აჭარაში ინვესტორთა დიდი ნაკადის მოლოდინმა განაპირობა”, – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილი წერილობითი განმარტებაა სამინისტროს ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხის გაზრდასთან დაკავშირებით. “მოსალოდნელ ინვესტორთა ნაკადზე” – ვინ? საიდან? როდის? სამინისტრო დაზუსტებულ პასუხებს ვერ იძლევა.

 

გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასტუმროს მომსახურებისთვის 12 536, 32 ლარი დახარჯა. ეს თანხა 2013 წელს თბილისსა და ბათუმში “აჭარის სივრცითი სქემის პროექტის” პრეზენტაციასთან დაკავშირებით სასტუმრო “რადისონში” გამართულ ღონისძიებაზე დაიხარჯა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრეზენტაციას ნიდერლანდების სამეფოდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

 

წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების დოკუმენტში სასტუმროს მომსახურების ხარჯებისთვის განკუთვნილ გრაფაში 25 000 ლარია მითითებული. ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით სამინისტრომ “ბათუმელებს” წერილობით განუმარტა:

 

“აღნიშნული კატეგორია მოიცავს მიღებისა და ოფიციალური სადილის, წვეულებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიების, სუვენირების შეძენის ან დამზადების, აეროპორტში დახვედრის და გაცილების, VIP დარბაზის მომსახურების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა), საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს და სხვა დანარჩენ წარმომადგენლობით ხარჯებს”.

 

სადილებისა და წვეულებების მოსაწყობად, რაც სარესტორნო მომსახურების კატეგორიაში ერთიანდება, სამინისტრომ 50 000 ლარი გამოყო. გასულ წელს რესტორნებში სადილობისთვის მხოლოდ 9 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

სამინისტრომ თანხა გაზარდა ავეჯის შესაძენად გათვალისწინებული ხარჯების გრაფაშიც, გასულ წელს ამ მიზნით 11 000 ლარი დახარჯა, წელს კი სამინისტროს ინტერიერი 25 000 ლარის ღირებულების ავეჯით განახლდება.

 

მთლიანობაში სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯი 150 000 ლარია, სამინისტროდან მიღებული წერილობითი განმარტებით, დაგეგმილი ხარჯი, ყოველ შემთხვევაში, არ ნიშნავს იმას, რომ თანხა მთლიანად უნდა დაიხარჯოს.

 

სამინისტროს დაგეგმილ ხარჯებზე ინფორმაცია “ბათუმელებმა” წერილობით მიიღო, სამინისტროში სატელეფონო ჩაწერას ერიდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი