ახალი ამბები

ახალი ტესტით, კანის კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა გახდება შესაძლებელი

18 ივლისი, 2018 • 3218
ახალი ტესტით, კანის კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა გახდება შესაძლებელი

ავსტრალიელი მეცნიერების თქმით, მათ შექმნეს ტესტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება მელანომის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა. ამის შესახებ BBC ედიტ ქოუანის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მკვლევართა თანახმად, ტესტის დახმარებით შესაძლებელი გახდება კანის კიბოს იქამდე აღმოფხვრა, ვიდრე ის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხის შემცველი იქნება.

ამჟამად, ექიმები მელანომას გამოსავლენად ბიოფსიასა და კანის სხვადსხვა გამოკვლევას იყენებენ, თუმცა პრობლემა არის მელანომას გავრცელების სისწრაფე. როგორც მკვლევრები განმარტავენ, სისხლის ტესტით კანის კიბოს აღმოჩენა უფრო სწრაფი იქნება, ხოლო დიაგნოზი- უფრო ზუსტი.

ედიტ ქოუანის უნივერსიტეტების მკვლევრების მიერ შექმნილი ტესტი სისხლში ავტოანტისხეულების ამოცნობაზეა “ორიენტირებული”. ავტოანტისხეულები სწორედ ის ანტისხეულებია, რომლებსაც ორგანიზმი ადრეული სტადიის კიბოს ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოჰყოფს.

ცდაში, რომელიც 200 ადამიანზე ჩატარდა (მონაწილეებს შორის კიბოს დიაგნოზის მქონე პირებიც იყვნენ), ტესტის 81.5%-ის შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა,

ტესტის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ სამომავლო ცდებისა თუ ექსპერიმენტების ხარჯზე მისი სიზუსტე 90%-მდე გაიზრდება და სამედიცინო დაწესებულებებში უახლოეს 5 წელიწადში დაინერგება.

როგორც პროფესორი მელ ციმანი BBC-თან საუბრისას განმარტავს, ხშირ შემთხვევაში, სირთულეს წარმოადგენს მელანომის ადრინდელი სტადიის ჩვეულებრივი ხალისგან გარჩევა. კვლევის შედეგად, მკვლევრებმა 1 627 ფუნქციური ცილა გამოიკვლიეს და 10 ისეთი ავტოანტისხეული გამოავლინეს, რომლების საუკეთესოდ ააშკარავებენ ორგანიზმში მელანომის არსებობას.

“თუ ჩვენ აღმოფხვრით მელანომას, რომლის სისქეც 1 მილიმეტრს არ აღემატება, პაციენტის გადარჩენის 98-99%-იანი გადარჩენის შანსი არსებობს,” – განმარტავს პროფესორი ციმანი.

ონკოლოგ თეიმურაზ გოგიტიძის თქმით, კანის კიბოს ისეთი სახეობა, როგორიცაა მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და საშიშია. მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმსაც კი შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა.

მეორე მხრივ, ადრეულად აღმოჩენისა და დროულად მკურნალობის შემთხვევაში, ის იკურნება. სანამ ავსტრალიელი მკვლევრების მიერ შექმნილი ტესტი მასობრივ წარმოებაში დაინერგება, ექიმის რჩევით, დროულად აღმოჩენისთვის თვითგამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ექიმი განმარტავს, კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება სხეულის არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც. ასე რომ, ის ურჩევს პაციენტებს, კანი მთლიანად, სხეულის წინა და უკანა მხარეს დაათვალიერონ.

“უმჯობესია, სარკეში თქვენს სხეულს მთელ სიგრძეზე ხედავდეთ. დაათვალიერეთ თქვენი სახე – ცხვირი, ტუჩები, პირი და ყურების წინა და უკანა ზედაპირი. შეამოწმეთ თქვენი ხელები, მათი გარეთა, შიდა ზედაპირი და თითებშორის არეები. ასწიეთ ზევით იდაყვები, დაათვალიერეთ მკლავების შიდა ზედაპირი და იღლიები. ფოკუსირება გააკეთეთ კისერზე, გულმკერდსა და სხეულის ზედა ნაწილზე. ქალებმა უნდა შეამოწმონ სარძევე ჯირკვლების დაფარული არეები. გამოიყენეთ პატარა სარკე კისრის უკანა ზედაპირისა და ზურგის დასათვალიერებლად,” – ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს ონკოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი