ახალი ამბები

თუ სამართალდამცავებს აქვთ კითხვები, ისინი უნდა დაისვას – კობახიძე ალავიძე/ქუმსიშვილის გამოკითხვაზე

18 ივლისი, 2018 • 1221
თუ სამართალდამცავებს აქვთ კითხვები, ისინი უნდა დაისვას – კობახიძე ალავიძე/ქუმსიშვილის გამოკითხვაზე

„თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებზე იქნება პასუხები, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება სამართალდამცავ ორგანოებში”,- ამის შესახებ, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ნებისმიერ სამინისტროში ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ კუთხით პროცესში ჩაერთვება პარლამენტიც.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში თუ ნებისმიერ სამინისტროში, განსაკუთრებით, მსხვილი ტენდერები, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პარლამენტიც იქნება ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება”,- პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროკურატურიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი