ახალი ამბები

ტრამპი: ვეთანხმები, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია

17 ივლისი, 2018 • 4787
ტრამპი: ვეთანხმები, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია

დონალდ ტრამპის თქმით, ის ეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც პუტინთან შეხვედრის შემდეგ მის მიმართ გახმიანებულ ბრალდებებს უპასუხა.

“ნება მომეცით, დავაზუსტო და მე ეს არაერთგზის მითქვამს, რომ ვეთანხმები ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების დასკვნას იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა რუსეთის ჩარევას 2016 წლის არჩევნებში”, – თქვა ტრამპმა და დაამატა: “შეიძლება, სხვა ადამიანებისაც, აგრეთვე”.

თუმცა დონალდ ტრამპი ახლაც ამბობს, რომ “რუსეთის ქმედებებს, ჯამში, არჩევნების შედეგებზე არ უმოქმედია”. მან ასევე გამორიცხა  წინასაარჩევნოდ რუსეთთან რაიმე სახის ფარული თანამშრომლობა.

CNN-ის ცნობით, ტრამპმა გუშინდელი განცხადება საუბრისას დაშვებული შეცდომით ახსნა. კერძოდ, გუშინ, ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელმაც მას არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ჰკითხა, პრეზიდენტმა თქვა:

“ისინი ფიქრობენ, რომ ეს რუსეთი იყო. აქ მყავს პრეზიდენტი პუტინი. მან თქვა, რომ ეს არ იყო რუსეთი”, – და დაამატა: “ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ყოფილიყო[რუსეთი]”.

უკვე დღეს კი პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტერმინ “უნდა”-ს ნაცვლად, “არ უნდა”-ს თქმა სურდა.

“წინადადება ასეთი უნდა ყოფილიყო: ” მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ყოფილიყო რუსეთი”. “, – თქვა ტრამპმა.

სხვა მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ დადებითაც შეაფასა ჰელსინკიში პუტინთან გამართული შეხვედრა და თქვა, რომ ის ისეთივე წარმატებული იყო, როგორც ნატოს სამიტი.

დონალდ ტრამპის მიერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა პრეზიდენტის მიმართ დიდი კრიტიკა გამოიწვია.

ტრამპის კომენტარებს განცხადებით უპასუხა ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დაზვერვამ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა დაადასტურა.

ზემოაღნიშნული კომენტარების გამო აშშ-ის პრეზიდენტი, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, თანაგუნდელთა ნაწილმაც გააკრიტიკა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი