ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად ახალ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს შეხვდა. შეხვედრა მთავარი პროკურატურის შენობაში შედგა, რომელიც სარალიძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.
ზაზა სარალიძის თქმით, მთავარი პროკურორისგან პირობა მიიღო, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქმის პროკურორები არ იმყოფებოდნენ.
“სამწუხაროდ, საქმის პროკურორობი არ გამოცხადდნენ შეხვედრაზე. ვისთანაც კონკრტული კითხვები მქონდა და კონკრეტული პასუხები უნდა მიმეღო, მათგან ეს კონკრეტული პასუხები ვერ მივიღე, მაგრამ შევხვდი ახალ გენერალურ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრეთ ამ თემებზე. რა თქმა უნდა, გაეცნობა ამ საქმეს თავიდან ბოლომდე და სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს”, -განუცხადა სარალიძემ მედიას.
მოკლულის მამის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პროკურორების არყოფნის გამო, მხარეებმა საქმის დეტალებზე სათანადოდ ვერ ისაუბრეს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა მთავარ პროკურორთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვისაც პირველი სამუშაო დღე იყო და მას არ ჰქონდა შესაძლაბლობა, გაცნობოდა საქმეს და გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრას არ ესწრებოდნენ პროკურორები, ვერ შედგა სამართლებრივ რეჟიმში ყველა იმ დეტალზე საუბარი, რაც ჩვენი მოლოდინი იყო. თუმცა, გავაცანით მთავრ პრიკურორს ჩვენი პოზიცია, მოლოდინები, რაც ჩვენ გაგვაჩნია და დავგეგმეთ მომავალი სამუშაო”, – აღნიშნა მან.