ახალი ამბები

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

17 ივლისი, 2018 • 1268
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე აჭარის უმაღლეს საბჭოს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა თორნიკე რიჟვაძესა [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც.

უკვე ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოში მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რაც უკვე საკმარისია იმისათვის, რომ უმაღლესმა საბჭომ რიჟვაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს. უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

თორნიკე რიჟვაძე 29 წლისაა. იგი პროფესიით იურისტია და აქვს განათლება ენერგეტიკის მიმართულებითაც. 2017  წლიდან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი იყო.

უკვე ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ აჭარაში ორი მინისტრი შეიცვლება. თანამდებობას დატოვებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ამ თანამდებობაზე რიჟვაძე ჯაბა ფუტკარაძეს მოიაზრებს. ასევე, პოსტს დატოვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, ამ სამინისტროს რიჟვაძის მთავრობაში ტიტე აროშიძე უხელმძღვანელებს.

მინისტრის პოსტებსს შეინარჩუნებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ინგა შამილიშვილი.

აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობას მხარს უჭერს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, ამის შესახებ უმაღლესმა საბჭომ განცხადება 16 ივლისს გაავრცელა.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ტოვებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. პატარაძე ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.  მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად გულისხმობს მთავრობის გადადგომას, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები დღესდღეობით მოვალეობის შემსრულებლები არიან. ამ დრომდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ზურაბ პატარაძეც, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი