ახალი ამბები

რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებით, მოუნათლავად გარდაცვლილ ბავშვებს ლოცვებში მოიხსენიებენ

17 ივლისი, 2018 • 4348
რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებით, მოუნათლავად გარდაცვლილ ბავშვებს ლოცვებში მოიხსენიებენ

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, მოუნათლავად გარდაცვლილ ბავშვებს ლოცვებში მოიხსენიებენ. გადაწყვეტილება  მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების შესახებ სინოდმა 14 ივლისს მიიღო და წეს-განგების ტექსტი დაამტკიცა.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, საერთო საეკლესიო კომისიაში დოკუმენტი “მოუნათლავთა ლოცვის” შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს შევიდა. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩვილთა გარდაცვალება ოჯახის წევრთათვის განსაკუთრებულად მძიმედ აღიქმება და თუ მონათლულ ბავშთათვის წეს-განგება არსებობს, მოუნათლავ ჩვილებს, მათ შორის მათ, რომლებიც დედის მუცელში გარდაიცვალნენ, ეკლესია არ ითვალისწინებს ლოცვებში მოხსენიებას.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ  განსხვავება მოუნათლავ ჩვილსა და მოუნათლავ ზრდასრულებს შორის არის ის, რომ ჩვილებს არ ჩაუდენიათ პირადი ცოდვები და შესაძლებლობა არ ჰქონიათ, რაიმე სახის უზნეო გადაწყვეტლება მიეღოთ.

რაც შეეხება საქართველოს, აქაური მართლმადიდებელი ეკლესია არ ითვალისწინებს მოუნათლავი ჩვილებისთვის წესის აგებას ან ლოცვებში მოხსენიებას. სინოდის 2000 წლის სხდომის ოქმში წერია, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, სინოდის გადაწყვეტილებით, ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.

“სახარების მიხედვით, ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ…“ (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია,” – ვკითხულობთ ოქმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი