ახალი ამბები

სიგარეტის ფილტრი და სხვა ნივთები, რომლითაც პატიმრები თვითდაზიანებას იყენებენ

10 თებერვალი, 2014 •
სიგარეტის ფილტრი და სხვა ნივთები, რომლითაც პატიმრები თვითდაზიანებას იყენებენ

თალაკვაძის თქმით, პატიმრებმა თვითდაზიანება ძირითადად ზედა კიდურებზე მიიყენეს:

 

“ამ საქმისთვის ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ნივთი არის სიგარეტის ფილტრისაგან დამზადებული ბასრი საგანი, ასევე იატაკის კუთხეები, რომლის გალესვაც შეიძლება, საწოლის და სხვა რკინის ნივთების ფრაგმენტები და სანთებელას ფრაგმენტები. თქვენ იცით, რომ აქამდე ამ დაზიანებების მიყენება ხდებოდა საპარსი საშუალებებისაგან დამზადებული ე.წ. ბრიტვებით. ამაზე ჩვენ შემოვიღეთ სანქციები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დღემდე ხდება “ბრიტვების” გამოყენება თვითდაზიანებებისათვის, თუმცა მსჯავრდებულმა იცის, რომ გათვალისწინებულია სანქცია. ამიტომ ე.წ.  ბრიტვების გამოყენებამ მკვეთრად მოიკლო სისტემაში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მსჯავრდებულებს ხელს არ უშლით, რომ თუ უნდათ თვითდაზიანების მიყენება, გამოიყენონ სხვა ნივთები”, – განაცხადა თალაკვაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რომელიც სისტემაში მსგავსი ფაქტების პრევენციას შეეხებოდა, თალაკვაძემ ასე უპასუხა:

“ამის პრევენცია… ყველა ნივთი გავიტანოთ დაწესებულებიდან და მსჯავრდბეულებს არაფერი დარჩეთ?! ბუნებრივია, ვერ იქნება ეს პრევენცია. საწოლებს ვერ წავართმევთ მსჯავრდებულებს. პრევენცია არის ფსიქოლოგის მუშაობა. თვითდაზიანება, როგორც ასეთი, ფსიქოლოგიის სფეროში ითვლება პათოლოგიურ რეაქციად, ამიტომ ამაზე უნდა იმუშაონ სოცმუშაკებმა, ადმინისტრაციამ, ფსიქოლოგებმა და ოჯახის ექიმებმა. 2013 წლის დეკემბერში ჩვენ უკვე დავიწყეთ სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სწორედ თვითდაზიანების მაღალის რისკის მქონე პატიმრებთან მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი. წელს უკვე გვაქვს გეგმა, რომ ეს პროგრამა გავაფართოვოთ ყველა დაწესებულებაში, მათ შორის, ბუნებრივია, გეგუთის დაწესებულებაშიც”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

“2014 წლის 10 თებერვლის ღამით სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის ჩვიდმეტივე მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა გეგუთის N14 დაწესებულების ექიმებთან ერთად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სასჯელარსრულების სამინისტრო დღეს გეგუთის კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ გაავრცელა.

 

 

გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების 800-მდე მსჯავრდებული შიმშილობს. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, პატიმრები პირობების გაუმჯობესებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი