ახალი ამბები

მომაკვდავი ლეკვის ვიდეოების შემდეგ მუნიციპალურ თავშესაფარში ჟურნალისტები მიიწვიეს

16 ივლისი, 2018 • 3801
მომაკვდავი ლეკვის ვიდეოების შემდეგ მუნიციპალურ თავშესაფარში ჟურნალისტები მიიწვიეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოცხალი ლეკვი მუნიციპალური თავშესაფრის მკვდარ ძაღლებთან ერთად წევს, მონიტორინგის სამსახურმა ჟურნალისტები თავშესაფრის დასათვალიერებლად მიიწვია.

ჟურნალისტებს ტერიტორია დაათვალიერებინა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ, რომელმაც გავრცელებულ ვიდეომასალას “ინსცენირება” უწოდა. თავად ცხოველთა უფლებაამცველები კი აღნიშნავენ, რომ ცოცხალი ლეკვი მკვდარ ცხოველებთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა განეთავსებინათ და ეს ფაქტი “ცოცხალი ლეკვის წამებაა”.

14 ივლისს მოქალაქე ტასო ლოსაბერიძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მომაკვდავი ლეკვი მკვდარ ძაღლებთან  ერთად ოთახში იმყოფება. ეს ოთახი ის ადგილია, სადაც თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თბილისიდან და რუსთავიდან ის მკვდარი ცხოველები გადაჰყავთ, შემდეგ კი მათ ბიოთერმულ ორმოში, ნორიოს ტერიტორიაზე, ათავსებენ.

თბილისის ცხოველთა თავშესაფრის ე.წ. სალეშე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ვიდეომასალა ათასობით ადამიანმა ნახა, საბოლოოდ კი მას მონიტორინგის სამსახურიც გამოეხმაურა. მათი თქმით, ვიდეოში რეალობა დამახინჯებულია, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებმაც ვიდეო გადაიღეს, სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულნი არიან.

განცხადების გავრცელებასთან ერთად, მონიტორინგის სამსახურმა, დღეს, 16 ივლისს, თავშესაფრის დასათვალიერებლად ჟურნალისტებიც მიიწვია. ჟურნალისტებთან ერთად თავშესაფარში იყვნენ მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია და კალაძის მოადგილე, მაია ბითაძე.

როგორც ვახტანგ ლომჯარია განმარტავს, გავრცელებულ ვიდეოებს სინამდვლეასთან კავშირი არ აქვს და ის, ყოფილი თანამშრომლების მიერ არის ინსცენირებული.

ჩვენ გუშინ დავიწყეთ გამოძიება, ჩვენი მიზანია, დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდეს და  დაისაჯოს. მე გამოვრიცხავ, რომ ეს რომელიმე ვეტერინარს გაეკეთებინა, ეს იყო ინსიცინირება იმ სურათის, რის წინააღმდეგაც ჩვენ გამოვდივართ. თქვენ თუ ანალიზს გაუკეთებთ იმ ორ ვიდეოს, დაინახავთ, რომ ლეშები წრეზეა შემოწყობილი და შუაში არის ჩასმული ლეკვი. ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაცით, 15 ივნისს, დილის 7-დან 8-მდე მოხდა. მიმდინაროებს შესაბამისი ფაქტების დადგენა,”- ამბობს ვახტანგ ლომჯარია.

მისივე თქმით, 31 მაისს თავშესაფრიდან ყოფილი თანამშრომლების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გაუშვეს სამსახურიდან, ხოლო დანარჩენი, რომლებიც ვერ “ჯდებიან ახალ პოლიტიკაში”, ეტაპობრივად გათავისუფლდებიან. გარდა ამისა, თავშესაფრის ხელმძღვანელის განმარტებით, მონიტორინგის სამსახურმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთანაც გაწყვიტა ურთიერთობა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ლომჯარიას განმარტებით, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე მსგავსი “ინსცენირებული” ვიდეო გავრცელდება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ის “ინსცენირებაში” და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თავშესაფარში ნებისმიერ პირს სურვილისამებრ შეუძლია ლეკვების გადაადგილება მკვდარი ძაღლების ოთხაში – ლომჯარია პასუხობს:

თანამშრომელს, რომელსაც აქვს ბოროტი ზრახვები, შეუძლია ვოლიერში შევიდეს, გამოიყვანოს ცხოველი და გადააადგილოს,”.

ხოლო ჩვენს კითხვაზე, არსებობს თუ არა თავშესაფარში ვიდეოკამერა ან სხვა სახის კონტროლი მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ კი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტი 1 თვის წინ მოხდა, სათვალთვალო კამერების ვიდეო აღარ არსებობს.

თავად ცხოველების უფლებადამცველის, ტასო ლოსაბერიძის თქმით, ვიდეომასალა არათუ ინსცენირების, არამედ თავშესაფრის გულგრილობისა და დაუდევრობის შედეგია. მისი სიტყვებით, გარდა იმისა, რომ ცოცხალი ლეკვის მკვდარ ძაღლებთან მოთავსება დარღვევაა, პრობლემას წარმოადგენს შემდეგი გარემოებაც:

“ამდენი მკვდარი ლეკვი თბილისი-რუსთავიდან შემოვიდა. დავიჯერეთ, კარგი, მაგრამ რატომ არ მიდის გამოძახებიდან ლეში ეგრევე ბიოთერმულ ორმოში, რატომ გროვდება ერთ ოთახში ორი ქალაქის ლეშები, მით უმეტეს, როცა ოთახის გარშემო 100-ზე მეტი ძაღლია?
ეს ლეკებიის ის რაოდენობაა, მთელი საქართველოს მასშტაბით რომ ვერ შეგროვდება ერთ დღეში და თუ ეს გროვდება თუნდაც 2 დღის განმავლობაში, არის დარღვევა და ამ ოთახიდან გამოსული თანამშრომელიც საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი არსებისთვის,” – აცხადებს ტასო ლოსაბერიძე.

როგორც ლოსაბერიძე განმარტავს, დაუჯერებელია ის განცხადებები, რომელთა მიხედვით ვიღაცამ ლეკვი თვითნებურად გადააადგილა, ხოლო თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ვახტანგ ლომჯარიას გადადგომის მოთხოვნით, დღეს, 18:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ თავშესაფრის ინფორმაცია მაქსიმალურად საჯარო იყოს, ხოლო მოქმედდების სტრატეგია – გამჭირვალე. გარდა ამისა, მათივე თქმით, აუცილებელია, რომ თავშესაფარში აუდიტის სამსახურიც შევიდეს.

დღესღეობით თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში 300-მდე კატა და ძაღლია, რომლებიც სხვადასხვა ვოლიერებში არიან განთავსებულნი. ვახტანგ ლომჯარიას სიტყვების მიხედვით, თავშესაფარში ყოველ სამუშაო დღეს 17, ხოლო დასვენების დღეებში 10 ოპერაცია კეთდება. მისივე სიტყვების მიხედვით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად დღეს არსებულ 5 ვეტერინარს დაემატებიან კიდევ 2 ვეტერინარი, კინოლოგი, სანიტრები და ძაღლმჭერები.

თავშესაფრის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები

14 ივლისს ტასო ლოსაბერიძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთხაში მყოფი ცოცხალი ლეკვის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აქტივისტები მუნიციპალურ თავშესაფარს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს.

მანამდე ამავე აქტივისტმა, ტასო ლოსაბერიძემ, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავშესაფრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მომაკვავი ლეკვი წევს გალიაში, მზეზე. აღნიშნული ვიდეომასალა პირველი იყო, რომელმაც თავშესაფრის მიმართ ინტერესი გაამძაფრა.

 

Posted by Taso Losaberidze on Wednesday, June 13, 2018

ლეკვი მალევე გარდაიცვალა, მომხდარის შემდეგკი თავშესაფარმა მის ტერიტორიაზე შესვლის ხანგრძლიობა 20 წუთით განსაზღვრა და რამდენიმე შეზღუდვა დააწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი