ახალი ამბები

“თამაში ჰინომის ველზე” – ომის ექსპოზიცია თბილისში, ჩემპიონატის ფინალის პარალელურად

16 ივლისი, 2018 • 2586
“თამაში ჰინომის ველზე” – ომის ექსპოზიცია თბილისში, ჩემპიონატის ფინალის პარალელურად

მაშინ, როცა მსოფლიო და საქართველოც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის თანმდევ ეიფორიაში იყო, თბილისში 2008 წლის ომგამოვლილი ნივთები გამოფინეს.

ექსპოზიციის ავტორი არტისტი შოთიკო აფციაურია, რომელმაც საოკუპაციო ხაზისპირა სოფელ ერგნეთიდან რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი წამოიღო და ჭავჭავაძის გამზირზე, მცირე ზომის სტადიონზე განალაგა მანამ, სანამ მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე მსოფლიო მნიშვნელობის მატჩი დაიწყებოდა.

"თამაში ჰინომის ველზე" - შოთიკო აფციაურის ექსპოზიცია

“თამაში ჰინომის ველზე” – შოთიკო აფციაურის ექსპოზიცია

ექსპოზიციაზე გამოფენილი, ომისგან ნახევრად დამწვარი აკვანი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ჯარისკაცის ტანსაცმელი აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან მალევე შეგროვდა. ერგნეთის მცხოვრებმა ლია ჩალჩიძემ თანასოფლელებთან ერთად ომგამოვლილი საგნები ერთ სივრცეში განალაგა და “აგვისტოს ომის მუზეუმი უწოდა”. ექსპონატების ნაწილი შოთიკო აფციაურმა სწორედ ერგნეთიდან წამოიღო:

“ეს არის ჩემი კომენტარი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. სტადიონზე ჩამოტანილი ეს ობიექტები ნათელი მოცემულობაა იმისთვის, რომ გაიგო, რა ხდება. მინდოდა, შევხებოდი ამ თემას იმიტომ, რომ უსამართლობის განცდა გიჩნდება, როდესაც სადღაც ზეიმია და პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლებიდან ადამიანებს იპარავენ.

ეს არაა მხოლოდ ჩემი პირადი დამოკიდებულება. არასწორია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თუნდაც  ის, რომ ინფორმაციულ ეპოქაში ასეთი საკითხები “სქროლვაში” იკარგება ხოლმე. ჩემი მიზანი იყო ამის ამოწევა და საკითხზე ყურადღების მიპყრობა”.

შოთიკო აფციაური(მარცხნივ) სტუმრებს ექსპოზიციის შესახებ უყვება.

შოთიკო აფციაური(მარცხნივ) სტუმრებს ექსპოზიციის შესახებ უყვება.

სანამ პრობლემისადმი ინტერესი საერთაშორისო საზოგადოებაში გაიზრდება, ავტორს სურს საკითხის სიმწვავე ომგამოვლილი ქვეყნის შიგნითაც წარმოაჩინოს. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნივთებმა დედაქალაქში გადმოინაცვლა.

“ეს სტადიონი ქალაქის ცენტრშია, სოფელი ერგნეთი- ძალიან შორს თბილისიდან. ორივე ადგილი ექცევა ერთ სივრცეში, თუმცა აქვთ საერთოდ სხვადასხვა ცხოვრება. შუა ქალაქში ომის ჩამოტანა ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ვლაპარაკობთ ომზე, გვესმის მასზე, თუმცა პირადად მეც არ ვიცი, რა არის ომი. ეს მცდელობაა თუნდაც იმისა, რომ პირადად მე გამეგო, რა არის ეს”, – უთხრა ექსპოზიციის ავტორმა “ნეტგაზეთს”.

"თამაში ჰინომის ველზე" - შოთიკო აფციაურის ექსპოზიცია

“თამაში ჰინომის ველზე” – შოთიკო აფციაურის ექსპოზიცია

“თამაში ჰინომის ველზე” – პროექტის სახელიც სიმბოლურია. მითოლოგიის თანახმად, იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით, ჰინომის ველზე, მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ასრულებდნენ. ავტორის თქმით, გვამებით მოფენილი სივრცის ომის საშინელების ამსახველი პროექტის სათაურში შემოტანა სიმბოლურია, ისევე როგორც “თამაშის” ელემენტი, რამდენიმე მიმართულებით:

“თვითონ ადამიანის გადაწყვეტილება, თავი მოუყაროს ამ ნივთებს, უკვე გარკვეულწილად თამაშია. თამაშია პარალელურად მსოფლიო ჩემპიონატიც. თამაშია ჩემი გადაწყვეტილებაც, რომ ამ ყველაფერს თავი მოვუყარო”.

"თამაში ჰინომის ველზე" - შოთიკო აფციაურის ექსპოზიცია

“თამაში ჰინომის ველზე” – შოთიკო აფციაურის ექსპოზიცია

სახელწოდების მსგავსად, ექსპოზიციაში შემთხვევითი არაფერია. სპეციალური დატვირთვა აქვს ლურჯი ფერის ე.წ. ბრეზენტის ნაჭერსაც, რომლითაც სტადიონის ხელოვნური ბალახი დაიფარა: მას შემდეგ, რაც სახლების სახურავები რუსულმა ჭურვებმა იმსხვერპლა, დაზარალებულთა დიდი ნაწილისთვის ჭერს სწორედ აღნიშნული ნაჭერი განასახიერებდა.

პროექტის მხარდამჭერი სახელოვნებო ორგანიზაცია “პროპაგანდაა”. ორგანიზაციის კურატორის, ანა გაბელაიას თქმით, პროექტი მეტად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა სახელოვნებო სფეროში საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა დღის წესრიგში ნაკლებად დგას. მისი აზრით, პროექტი საინტერესოა იმითაც, რომ ის ორ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს.

“როცა შოთიკო მოვიდა ჩვენთან ამ იდეით, მივხვდით, რომ ესაა ის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელზეც არ ვსაუბრობთ და გვავიწყდება. ყოველ შემთხვევაში, ხელოვანები თავს არიდებენ ხოლმე ამ თემებზე ნამუშევრების შექმნას. მესმის, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი საკითხის სიმძიმეა.

თუმცა მიხარია, რომ შოთიკო აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც ასე კარგად დაიჭირა ორივე მხარე და წინ წამოიწია ორმა საკითხმა: ერთი არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას უქმნის პრობლემებს, და მეორე არის ის, რომ წამოწია იმ ომის თემა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება”, -განუცხადა ანა გაბელაიამ “ნეტგაზეთს”.

დაფაზე წერია: "ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი!"

დაფაზე წერია: “ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი!”

ომის სურათი თბილისის ცენტრს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იკავებდა. თუმცა, შოთიკო აფციაურის თქმით, თემატიკაზე მუშაობას განაგრძობს და ომის 10 წლისთავზე საზოგადოებას ახალ პროექტს შესთავაზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი